|
მიმდინარე გამოცემის თემები
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი ანტიდასავლური განწყობების მქონე წევრი შეემატა
- მთავარი არხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამიზნეში
- ქართული მარში - პრორუსული პოლიტიკური პარტია, უკვე ოფიციალურად.
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
ღიად ანტიდასავლური ტელევიზიის - “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი, ბონდო მძინარაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს
|
|
|
|
1 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს კენჭი უყარა. ერთი კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით უნდა შერჩეულიყო, ხოლო 2 კანდიდატი უმცირესობის.
პარლამენტში კენჭისყრამდე, ჟურნალისტებითა და მედია ექსპერტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ 10 მსურველიდან 8 კანდიდატი შეარჩია. აღნიშნული სია განხილვისა და საბჭოს წევრობის კანდიდატების ნომინირებისთვის პარლამენტს გადაეგზავნა, რასაც მინიმუმ 14 პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურა ნომინირებულ იქნა პატრიოტთა ალიანსის (3), სოციალ-დემოკრატებისა (3) და დამოუკიდებელი დეპუტატების (8) მიერ, რომელთაგანაც რამდენიმე საკუთარ თავს პროდასავლელ პოლიტიკოსად მიიჩნევს (მათ შორის, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატები: გიორგი მოსიძე, მარიამ ჯაში და დავით ჭიჭინაძე). საბოლოოდ, მძინარაშვილის კანდიდატურას პარლამენტში კენჭისყრაზე მხარი 95-მა დეპუტატმა (ქართული ოცნების, პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დეოკრატების წევრებმა და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა) დაუჭირა. მძინარაშვილი ანტიდასავლური მედიის, “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი და წამყვანია. ის ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებებითაა ცნობილი, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს ეწინააღმდეგება და საქართველოს დასავლელ პარტნიორებზე დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებს საჯაროდ ავრცელებს. მძინარაშვილს არაერთხელ გაუჟღერებია, რომ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია არასოდეს მომხდარა და რომ, რუსეთის ბორდერიზაციის პოლიტიკა წინა ხელისუფლების მიერ შემუშავებულ რუკებს მიყვება. პანდემიის დროს, მძინარაშვილი COVID-19-ის ვაქცინაზე შეთქმულების თეორიებსაც ავრცელებდა და აცხადებდა, რომ დასავლეთი მათ ტესტირებას მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც გეგმავს.
საგანგაშოა, რომ სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, ამიერიდან ანტიდასავლური და პრორუსული განწყობების მქონე ადამიანი იქნება, რომელსაც პარლამენტში მხარი მმართველმა უმრავლესობამ დაუჭირა.
|
|
|
|
საქართველოს მთავრობის შეტევა კრიტიკულ მედიაზე
|
|
|
|
საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და საქართველოს მთავრობამ დეზინფორმაციას შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის ან სხვა მავნე აქტორების მტრული დეზინფორმაცია გამოააშკარავოს, ხელისუფლებამ მიზანში მისდამი კრიტიკულად განწყობილი მედია ამოიღო.
თბილისის მერმა და მმართველი პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ მიმართული კამპანია დააანონსა. 25 ივნისს, კალაძე “ყალბი ამბების გამოსააშკარავებლად” Facebook-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო, ხოლო მეორე მსგავსი ღონისძიება მერმა 9 ივლისს გამართა. ორივე პირდაპირ ჩართვაში კალაძემ სამი ოპოზიციური სატელევიზიო არხი გააკრიტიკა (მთავარი არხი, ტვ პირველი და ფორმულა ტვ) და ისინი ყალბი ამბების გამავრცელებლად შერაცხა.
სუს-მა მთავარი არხის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. მთავარ არხზე გასული რეპორტაჟის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მარნეულის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა. სუს-მა საქმეზე მარნეულის მაცხოვრებლები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე, დაკითხვაზე დაიბარა. საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ექსპერტების მიხედვით, აღნიშნული გამოძიება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად და კერძო სატელევიზიო არხების დამოუკიდებელობაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს. საგულისხმოა, რომ პრორუსული მედია გაცილებით უფრო საშიში შინაარსის შემცველ ინფორმაციას ყოველდღიურად ავრცელებს, რაც სუს-ის მიერ მთავარი არხის წინააღმდეგ გამოყენებული სტანდარტის გათვალისწინებით, საბოტაჟის კატეგორიაში ჯდება, თუმცა მათ წინააღმდეგ საქმე აქამდე არასდროს აღძრულა. სრული ისტორია იხილეთ აქ.
არჩევნების წინა პერიოდში ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის სურვილი იზრდება, რისი მორიგი მაგალითი საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტია. შემოთავაზებული ცვლილებები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების ლიცენზიის მქონე ნებისმიერ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს. აღნიშნულ ინიციატივას მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში მედიის თავისუფლებას მნიშვნელოვნად დააზიანებს.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
ევროკავშირის საწინააღმდეგო მესიჯები. კრემლისტურმა მედიამ, მათ შორის „სპუტნიკ-საქართველომ“ და „საქართველო და მსოფლიომ“, გამოაქვეყნეს სტატიები, სადაც 4 მითი განავითარეს:
- ევროკავშირი საქართველოში ახალ პოლიტიკურ ელიტას ქმნის, რათა ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახადოს.
- აღმოსავლეთ პარტნიორობა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რუსეთთან ინტეგრაციის შესაჩერებლად შეიქმნა.
- აღმოსავლეთ პარტნიორობა წევრ ქვეყნებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებაში არ ეხმარება.
- ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოციალურ ექსპერიმენტებზე 120 საიდუმლო მუხლს შეიცავს.
ვრცლად იხილეთ „მითების დეტექტორის“ სტატია.
|
|
|
|
ყალბი ამბავი სავალდებულო ვაქცინაციაზე. Facebook მომხმარებლის ‘შორე შანიძის’ პოსტი Facebook გვერდზე „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და სხვადასხვა ჯგუფში გაზიარდა. პოსტი ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 60 ქვეყანასთან ერთად ვაქცინის გლობალურ სამიტზე სავალდებულო ვაქცინაციის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას წყაროდ „იმედინიუსის“ სტატია ჰქონდა მითითებული. „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა, რომ აღნიშნული სამიტი არ ეხებოდა COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინებს და „იმედინიუსის“ სტატიაში გამოქვეყნებული იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წერილი, რომელშიც ის გიორგი გახარიას სამიტში მონაწილეობისთვის მადლობას უხდიდა. ვაქცინის გლობალური სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იყო ვაქცინების ალიანსის, GAVI-ს, დაფინანსების მოძიებაზე, რაც მიმართული იქნება წითელას, პოლიოს და დიფტერიის წინააღმდეგ ბავშვების იმუნიზაციის ხუთწლიანი პროგრამისთვის.
|
|
|
|
კრემლის მედიამ, Sputnik-Ossetia-მ, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ადოლფ ჰიტლერის წიგნის, „ჩემი ბრძოლის“, ახალი, 2020 წლის ვერსია დაიბეჭდა და საქართველოს წიგნის მაღაზიებში იყიდება. დეფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ წიგნი დაბეჭდილი იყო ანოტაციით, რომელიც განადიდებდა ნაცისტების დიქტატორს და იმის ნაცვლად, რომ საქართველომ აღიაროს „1920 წლის ოსების გენოციდი“, ქვეყანა რადიკალური იდეებისადმი ამჟღავნებს ინტერესს. „მითების დეტექტორმა“ გამოიკვლია აღნიშნული ამბავი და აღმოაჩინა წიგნების ერთადერთი მაღაზია, სადაც “ჩემი ბრძოლა“ სპუტნიკში მოცემული ანოტაციით იძებნებოდა, თუმცა ის არა 2020 წლის, არამედ ძველი გამოცემა იყო. 6 ივლისის მდგომარეობით მაღაზია წიგნს ამ ანოტაციით აღარ ყიდის.
|
|
|
|
ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე გავრცელებული ნარატივები. 15 ივნისს ქართველი სატელევიზიო წამყვანის გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის დაგეგმვაზე ეჭვმიტანილის დაკავებას და აღნიშნული ამბის გაშუქებას სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა. პროსამთავრობო და ანტილიბერალური ჯგუფები ავრცელებდნენ მესიჯებს, რომ მკვლელობა რეალურად ოპოზიციის მიერ იყო დაგეგმილი. კოორდინირებული კამპანიის ფარგლებში ვრცელდებოდა კონსპირაციის თეორია, თითქოს გაბუნიას მკვლელობის გეგმის უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდგა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
საქართველოს უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი პრორუსული განწყობების განმტკიცებას უწყობს ხელს
|
|
|
|
ივლისის დასაწყისში, სეპარატისტული ცხინვალის პროპაგანდისტებმა გაავრცელეს აბსურდული ვიდეო საქართველოში აშშ-ს მიერ დაფინანსებულ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. ამ ვიდეოში აშშ-საქართველოს ურთიერთობების დისკრედიტაციისთვის სამი ქართველი რესპონდენტი ალაპარაკეს. განსაკუთრებით სამარცხვინოა, რომ ვალერი ხაბურძანია, რომელიც შევარდნაძის მთავრობაში საქართველოს უსაფრთხოების მინისტრად მსახურობდა, გამოკითხული რესპონდენტებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. მან, 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციის არაძალადობრივად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თუმცა, როგორც ჩანს, ხაბურძანია მუდმივად იცვლის მხარეებს, ემსახურება კრემლის ინტერესებს და დასავლეთის მიმართ უნდობლობას აღვივებს. დარჩენილ ორ რესპონდენტთა შორის იყვნენ ვლადიმერ ხომერიკი, რუსეთში დაფუძნებული ბიზნესმენი და ალექსანდრე ჭაჭია, პრორუსული გაზეთის, "საქართველო და მსოფლიო"-ს ერთ-ერთი მფლობელი და კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგი.
|
|
|
|
"ქართული მარშის", როგორც ღიად პრორუსული ნაციონალისტური პარტიის ოფიციალურად ჩამოყალიბება
|
|
|
|
ჩვენი წინა, მესამე და მეოთხე გამოშვების გმირმა, სანდრო ბრეგაძემ, კვლავ მიიპყრო ყურადღება, რადგან 2 ივლისს ოფიციალურად დააფუძნა პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით "ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა". ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რათა შემდგომშიც გააგრძელოს ქართული სახელმწიფოს ეროვნული ფასეულობების პოპულარიზაცია. პარტიის ფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიების დაწყებას თან სდევდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აღშფოთება, რადგან ცერემონია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართა. მუზეუმი სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი სახელიც, მე-19 საუკუნის ბოლოდან დაწყებული, საქართველოს ყველაზე დიდი სახელმწიფო მოღვაწისა და მთავარი ქართველი ლიბერალის საპატივსაცემოდ დაერქვა. ამრიგად, მუზეუმში გამართულმა ულტრამემარჯვენე პარტიის ცერემონიამ ბევრი ადამიანი აღაშფოთა, და მმართველი პარტია ულტრანაციონალისტური, ანტიდასავლური ძალების არაპირდაპირ მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ ამხილა.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა Facebook-ს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საინფორმაციო გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მიმართეს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა სოციალური მედიის პლატფორმას მოუწოდეს, რომ არჩევნებამდე საქართველოში შესაბამისი საშუალებები (პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა, პოლიტიკური რეკლამების API) დანერგოს; კოორდინირებული არაავთენტური ქცევის აღმოსაჩენად მისი ძალისხმევა გაზარდოს და მასში ჩართული ანგარიშები წაშალოს. სრული წერილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
|
|
|
|
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) შექმნა ინტერაქციული პლატფორმა disinfoobserver.ge, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი იმ Facebook გვერდების შესახებ, რომლებიც დისკრედიტაციულ კამპანიებში, დეზინფორმაციისა და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაში, ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზებაში, არაავთენტურ ქცევაში, ან/და სხვა დამაზიანებელ საინფორმაციო ოპერაციებშია ჩართული. Disinfoobserver.ge-ის მიზანია, საეჭვო Facebook გვერდების საქმიანობის და ტაქტიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლებისთვის წყაროების გადამოწმებაში დახმარება. პლატფორმა რეგულარულად ახლდება და ინტერაქციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელებს შეუძლიათ, ISFED-ს გაუგზავნონ საეჭვო გვერდების ბმულები და მოითხოვონ მათი შემოწმება. ISFED-ი განიხილავს და შეაფასებს თითოეულ მათგანს და თუ დაადგენს, რომ გვერდი ჩართულია დეზინფორმაციულ ან/და დისკრედიტაციულ კამპანიებში, გამოაქვეყნებს მას პლატფორმის შესაბამის კატეგორიაში.
|
|
|
|
მოძრაობა სირცხვილიას ინტერნეტ-პლატფორმამ - „ვინ ვინ არის“, ყალბი ამბების იდენტიფიცირების ავტომატური ფუნქცია შექმნა. მისი გამოყენება Google Chrome-ზე, „ვინ ვინ არის“-ის სპეციალური აპლიკაციითაა (extension) შესაძლებელი. ახალი ფუნქციით მომხმარებლებს ყალბი ამბების აღმოჩენა როგორც Facebook-ზე, ისე ონლაინ მედიაში შეეძლებათ. “ვინ ვინ არის” Facebook-ზე პროპაგანდისტული და არაზუსტი ამბების გამავრცელებელი გვერდებისა თუ ანგარიშების (მათ შორის, “ტროლებისა” და “ბოტების”) გამოააშკარავებას განაგრძობს, ხოლო იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მუდმივად ახალი ინფორმაცია მიიღონ, პლატფორმა მონაცემთა ბაზას რეგულარულად ანახლებს. 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, აპლიკაციის მონაცემთა ბაზა 2,260 შედეგს მოიცავს. დეტალები იხილეთ ბმულზე.
|
|
|
|
ანგარიშის - „საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპელმენტაცია 2020 წლისთვის” - პრეზენტაციაზე „მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებისა და მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის საკითხები განიხილა. ანგარიშის პრეზენტაცია ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) გამართა.
|
|
|
|
„ევროპული ჟურნალიზმის ობსერვატორიამ” მედიის განვითარების ფონდის მკვლევრის, სოფო გელავას, სტატია გამოაქვეყნა, რომელიც, მითების დეტექტორის ფაქტების გადამოწმების მიხედვით, კორონავირუსთან დაკავშირებულ ყალბ ამბებს ორ კატეგორიად ჰყოფს: ერთი მხრივ, ახლად შექმნილი clickbait ვებ-გვერდები COVID-19-ის პანდემიისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას იყენებენ და სასწაულებრივ კურნებებთან დაკავშირებით მითებს ავრცელებენ. მეორე მხრივ, პროკრემლინური და ანტიდასავლური წყაროები კვლავ მოქმედებენ და საქართველოს მთავრობის პროდასავლური საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციასა და თბილისში მდებარე აშშ-ის დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორიის (ცნობილი, როგორც ლუგარის ლაბორატორია) შესახებ ეჭვების დათესვას ცდილობს.
|
|
|
|
ევროპულ-ქართლმა ინსტიტუტმა რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით ვებინარი გამართა, სადაც COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული დეზინფორმაციის შედარებითი ანალიზი იყო წარმოდგენილი. მკვლევარი “ფაქტ-მეტრისა” და Poynter-ის სტატიებს ეყრდნობოდა.
|
|
|
|
ეს ბიულეტენი ნაწილია პროექტისა „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ“, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პროგრამა TRANSITION PROMOTION-ის ფარგლებში.
|
|
|
|
|