|
მიმდინარე გამოცემის თემები
- პოლიტიკური კრიზისის ფონზე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი მხოლოდ ერთი პარტიის მონაწილეობით შეიკრიბა
- როგორ ავრცელებდა ერთი და იგივე ქსელი ქართული მარშისა და POSTV-ის პოსტებს ფეისბუქზე
- გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკურ ხსნას რუსეთში ხედავს
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
პოლიტიკური კრიზისის ფონზე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი მხოლოდ ერთი პარტიის მონაწილეობით შეიკრიბა
|
|
|
|
ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მედიაციით გამართული რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების სერიის მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი კვლავ გრძელდება. 11 დეკემბერს, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, საინაუგურაციო სხდომა გამართა, რომელსაც არჩეული 150 დეპუტატიდან მხოლოდ 90 ესწრებოდა - ყველა მათგანი ქართული ოცნებიდან. დანარჩენი 8 პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროპორციულ ნაწილში 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს (ჯამში 60 მანდატი), უარი განაცხადეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და სესიის პარალელურად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ სიმბოლურ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ოპოზიციურ პარტიებს სჯერათ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და რეალურ და ცესკო-ს მიერ დაფიქსირებულ შედეგებს შორის სხვაობას შეეძლო გადამწყვეტი ცვლილებები მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ არჩევნების შედეგებს და უარს აცხადებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე მანამ, სანამ არ მოხდება შეთანხმება მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებზე. მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებში ოპოზიციას შემდეგი მოთხოვნები აქვს: ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები, საარჩევნო სისტემის რეფორმა, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა/ადმინისტრაციის რეფორმა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება.
ოპოზიციის მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, ხმების დათვლის ნაწილში, გარკვეულწილად, არჩევნებზე მომუშავე ყველაზე ავტორიტეტული ადგილობრივი ორგანიზაციის, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) “პარალელური ხმის დათვლის” შედეგებსაც ეფუძნებოდა. ISFED-ის მიერ 1 ნოემბერს გამოქვეყნებული “პარალელური ხმის დათვლის” მონაცემებსა და ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მმართველი პარტიის ოფიციალურ შედეგებს შორის 2.35%-იანი სხვაობა დაფიქსირდა, 0.7%-იანი ცდომილების დაშვებით. ამას გარდა, ISFED-მა ხაზი გაუსვა სხვა მნიშვნელოვან დარღვევებსაც, როგორიცაა, მაგალითად დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, რაც უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. თუმცა, შიდა აუდიტის ჩატარების შემდეგ, 11 დეკემბერს, ISFED-მა განაცხადა, რომ “პარალელური ხმის დათვლის” პროცესში აღმოჩენილ იქნა გარკვეული უზუსტობა, რაც პარტიების პროპორციული რეიტინგების დათვლისას მთლიან რაოდენობაში ბათილი ბიულეტენების ჩათვლაში გამოიხატა. შედეგად, ISFED-მა განაახლა “პარალელური ხმის დათვლის” შედეგები, რომლის მონაცემებიც ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს დაუახლოვდა. მიუხედავად ამისა, ISFED-მა კვლავ გაიმეორა მისი პოზიცია ოქმებში არსებულ დისბალანსებსა და ზოგადად არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით და მას ბოლო წლებში “ყველაზე დაბალი სტანდარტებით” ჩატარებული არჩევნები უწოდა.
16 დეკემბერის მდგომარეობით, პარლამენტში არჩეული 7 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტს მანდატების დატოვების მოთხოვნით (საუბარია 55 ოპოზიციურ მანდატზე ჯამში მიღებული 60-დან) ოფიციალურად მიმართეს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებისთვის დეპუტატი “პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ...პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას”. თუ მხედველობაში მივიღებთ პარლამენტის რეგლამენტით გაწერილ ვადებს, მხარეებს მოლაპარაკებების დასასრულებლად და კომპრომისული შეთანხმების მოსაძიებლად საკმაოდ შეზღუდული დრო გააჩნიათ, რის შემდეგაც საპარლამენტო კრიზისი შეუქცევადი გახდება. შესაბამისად, ამ პერიოდში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან პროცესებზე პოზიტიური ზემოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
|
|
|
|
აშშ შავ ზღვაში უკრაინისა და საქართველოს ჩართულობით სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს
|
|
|
|
2020 წლის 8 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2021 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტისთვის ასიგნებების გამოყოფას გულისხმობს, ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა.
დოკუმენტი ხაზს უსვამს ევროპასა და შავის ზღვის რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან აშშ-ის სტრატეგიული კონკურენციის მნიშვნელობას: „იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად შევაკავოთ რუსული აგრესია, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა მიმართოს მეტი ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის საკითხის მოსაგვარებლად. ასევე, გაზარდოს NATO-სა და სხვა მრავალმხრივი სამხედრო სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ჩართულობით”. ასევე, „დაეხმაროს პარტნიორებსა და მოკავშირეებს რუსეთის ფედერაციის ძალის პოლიტიკასთან გასამკლავებლად შესაძლებლობების გაზრდაში, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობითა და დეზინფორმაციისა და მავნე ზეგავლენის მიმართ მედეგობის გაძლიერებით“.
კანონპროექტი 11 დეკემბერს აშშ-ის სენატმაც დაამტკიცა და ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნა. 13 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „ჩინეთი ყველაზე უფრო მოგებული“ დარჩება, რის გამოც ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ვეტოს დადებით დაიმუქრა. თუ კონგრესი ვეტოს დაძლევას მოახერხებს, რისი შანსიც დიდია, ტრამპის ოთხწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში ეს ვეტოს დაძლევის პირველი შემთხვევა იქნება
|
|
|
|
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ჩინეთის მიმართულებით პირველი თურქული საექსპორტო მატარებელი დაიძრა
|
|
|
|
8 დეკემბერს, სტამბოლიდან გამოსვლიდან 4 დღის შემდეგ, თურქეთიდან ჩინეთისკენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით მიმავალი პირველი სატვირთო მატარებელი საქართველოში შემოვიდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიხედვით, აქამდე შუა დერეფანი (Middle Corridor) მხოლოდ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მოძრავ ტვირთებს ემსახურებოდა, შესაბამისად ჩინეთისთვის განკუთვნილი საექსპორტო მატარებლის საქართველოზე გავლა უპრეცედენტოა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ათწლიანი მშენებლობის შემდეგ 2017 წელს გაიხსნა და ევროპასა და ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიის მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს, რკინის აბრეშუმის გზის პროგრამის ნაწილია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევროპისკენ უფრო მოკლე და იაფი სატრანსპორტო კორიდორის შექმნის მიზნით აშენდა. ჩინეთის ექსპორტისა და იმპორტის ბაქო-თბილისი-ყარსის სარგინიგზო მონაკვეთზე გადამისამართება სამხრეთ კავკასიაში პეკინის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის მანიშნებელია.
|
|
|
|
როგორ ავრცელებდა ერთი და იგივე ქსელი ქართული მარშისა და POSTV-ის პოსტებს ფეისბუქზე
|
|
|
|
DFRLab-მა აღმოაჩინა არაავთენტური ქსელი, რომელიც ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი პოლიტიკური პარტიის, ქართული მარშისა და პროსახელისუფლებო მედიაპლატფორმის, პოსტივის კონტენტის გასავრცელებლად გამოიყენებოდა. ქსელი გასართობი და შოპინგის პლატფორმების სახელით იყო შენიღბული და 30 ფეისბუქ ჯგუფს, 30 ფეიჯსა და 10 პერსონალურ ანგარიშს მოიცავდა.
ულტრანაციონალისტური, პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი მოძრაობა ქართული მარში 2017 წელს დაარსდა, 2020 წლის ზაფხულში კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. 2017 წელს ქართულმა მარშმა "არალეგალური მიგრანტების ქვეყნიდან გასაყრელად" ქსენოფობიური მსვლელობა გამართა. ჯგუფის მთავარი სამიზნეები ლგბტ თემის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან.
ხელისუფლებასთან აფილირებული ტელევიზია POSTV 2018 წლიდან მაუწყებლობს. მისი ყოფილი თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ნაცვლიშვილი ახლა ქართული ოცნების კონსულტანტია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. პოსტივის კიდევ ერთი მთავარი სახე, მფლობელი და წამყვანი შალვა რამიშვილი ხშირად ესხმის თავს კრიტიკულ მედიაგამოცემებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებს და არ მალავს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერია. POSTV აქტიურად იყო ჩართული 2019 წლის ივნისში მიმდინარე აქციების მონაწილეებისა თუ ლიდერების დისკრედიტაციის კამპანიაში.
DFRLab-მა არაავთენტურ ქსელში ჩაბმული 29 გვერდი შეისწავლა. მათი ჯამური აუდიტორია 98 000-ზე მეტი იყო, თუმცა პოსტებს დიდი გამოხმაურება არ ჰქონდა.
Facebook გვერდებს ერთი შეხედვით ზოგადი ხასიათი ჰქონდა, მაგალითად ონლაინ გაყიდვები და მარკეტინგი, მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ფილმები და გართობა. რეალურად კი, ისინი ქართული მარშისა და პოსტივის კონტენტს არეკლამებდნენ და ჯგუფებში კოორდინირებულად აზიარებდნენ.
ქსელში არსებული გვერდები POSTV-სა და ქართული მარშის პოსტებს თითქმის ერთსა და იმავე დროს, სისტემატურად აზიარებდნენ, ეს ტენდენცია იმდენად ხშირად მეორდებოდა, რომ ეს ან ამ გვერდების ტექნიკურ, ან ოპერაციულ კოორდინაციაზე მიუთითებს.
ქსელი ასევე მოიცავდა რამდენიმე პერსონალურ ანგარიშს, რომელიც ქართული მარშისა და POSTV-ის პოსტებს აზიარებდა. მათ შორის არაავთენტური ანგარიშებიც იყო, რომელთა პროფილის ფოტოებიც ინტერნეტიდან იყო მოპარული. ამ ანგარიშებიდან ორი თავს ქართული მარშის PR მენეჯერებად წარმოადგენდა.
ქსელში არსებულ ფეისბუქის 30 ჯგუფს, რომელთა ნაწილიც დახურული იყო, ჯამში 40 000 წევრი ჰყავდა. პოსტებზე აუდიტორიის ჩართულობა დაბალი იყო და ხშირად, მომხმარებელთა აქტიურობა 0-ის ტოლიც კი იყო.
გვერდების მსგავსად, ჯგუფებიც იყენებდნენ შეცდომაში შემყვან სათაურებს, თითქოს ისინი აპოლიტიკურ თემებზე იყვნენ ფოკუსირებულნი, მოგვიანებით კი ამ ჯგუფებში თავმოყრილ აუდიტორიას ქართული მარშისა და POSTV-ის პოლიტიკური შინაარსის ინფორმაციას სთავაზობდნენ.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
ლუგარზე დეზინფორმაციას ტროლი ავრცელებს. 3 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროზე და ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევის შემდეგ, გაჟონილი დოკუმენტები კვლავ ჩნდება სხვადასხვა პლატფორმებზე. 7 სექტემბერს კრემლთან და ჰესბოლასთან დაკავშირებულმა ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ პირველად გაავრცელა გაჟონილი დოკუმენტები, რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული კონსპირაციების სიმულაციურ მტკიცებულებას ქმნიდა. ხოლო 1 დეკემბერს ფეისბუქ პროფილმა, რომელიც ვინაობას მალავს, გამოაქვეყნა ბრალდებები, თითქოს c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დავალებით საქართველოში წამლების გამოცდა და მოსახლეობის გენეტიკური მასალების ბიო-ბანკში შენახვა ხდება. ვრცლად იხილეთ.
|
|
|
|
ვიდეოთამაში აზერბაიჯანის მიერ საქართველოს დაპყრობის სურვილის მტკიცებულებად. 30 ნოემბერს ორგანიზაცია ”უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელიც ქსენოფობიური განცხადებებით არის ცნობილი, პირად ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო შემდეგი აღწერით: “აზერბაიჯანი საქართველოს მთლიან დაპყრობაზე ოცნებობს და სოციალურ ქსელში სკანდალურ კლიპს აქვეყნებს”. ვიდეო გრაფიკულად ასახავს თუ როგორ იშლება საქართველოს ტერიტორიიდან წარწერა “საქართველო” და იცვლება აზერბაიჯანით. ”მითების დეტექტორმა” გადაამოწმა აღნიშნული ვიდეო და აღმოაჩინა, რომ კადრები აღებულია ონლაინ თამაშიდან "Age of Civilizations II". სტრატეგიულ თამაშში ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გააერთიანოს ან დაიპყროს მსოფლიო. შესაბამისად მტკიცება, რომ აზერბაიჯანი საქართველოს დაპყრობაზე ოცნებობს მხოლოდ ისტორიული ტრავმის გაღვივებას და აზერბაიჯანელების მიმართ ქსენოფობიური განწყობების დანერგვას ემსახურება.
|
|
|
|
კონსპირაცია სომხეთის მიერ ისტორიის გაყალბების შესახებ. 30 ნოემბერს ანტილიბერალურ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ქელბაჯარის რეგიონში აღმოჩენილ საფლავის ქვებს შეეხება. პოსტის ავტორი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ქელბაჯარში აღმოაჩინეს სომხური “ცეხი”, სადაც საფლავებზე გრიგორიანულ ჯვრებს ახატავდნენ, ძველ თარიღებს აწერდნენ და შემდგომ ხელოვნურად აძველებდნენ, რათა ისტორია გაეყალბებინათ. პოსტი შეიცავდა ვიზუალურ “მტკიცებულებას”, რომელიც ფოტომანიპულაცია აღმოჩნდა, რადგან რეალურად არც ერთი ფოტო არ ყოფილა გადაღებული ქელბაჯარის რეგიონში. თავად ინფორმაცია კი მტკიცებულებების გარეშე იყო და კონკრეტულ წყაროს არ უთითებდა.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკურ ხსნას რუსეთში ხედავს
|
|
|
|
კოვიდ პანდემია და საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ სექტორზე. საქართველო დღემდე რჩება 2-თვიანი ნაწილობრივი "ლოქდაუნის" პირობებში, რამაც უკვე უმუშევრობის დონის ზრდა და მცირე ბიზნესის გაკოტრება გამოიწვია. ამ მძიმე პერიოდში საქართველოში არსებობენ ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც თვლიან, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორების გადარჩენა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პალიტრანიუსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის სწრაფი გზა რუსეთის ფედერაციასთან ფრენების განახლება იქნება. „მაგალითად, არის სხვადასხვა საშუალება იმისათვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ ეკონომიკურ აღდგენას. შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთის ფედერაციასთან, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა სწრაფად მიიღოს საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის."- აღნიშნა ქობულიამ.
|
|
|
|
აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა
|
|
|
|
27 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ონლაინ სივრცეში შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრთან, გრიგორი კარასინთან და განიხილა "ბორდერიზაციის", საქართველოს ტერიტორიების ანექსიის, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ დაემთხვა. „განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე...” - აღნიშნა ქართულმა მხარემ. ეს განცხადება იწვევს ეჭვებს, რომ შესაძლოა წარმომადგენლებმა განიხილეს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხიც. ეს გარემოება ჩანაწერის გასაჯაროების აუცილებლობას ზრდის და სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მის დეტალურ ანალიზს საჭიროებს. სხვადასხვა ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ჯერჯერობით საჯაროდ არ გაამხილა ამ მასშტაბური შეხვედრის ჩანაწერი.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ანგარიშების სერიის - „დეზინფომეტრი” - სექტემბერ-ოქტომბრის გამოცემა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში გავრცელებულ პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას აანალიზებს. გამოცემა კრემლისა და მისი გავლენის აგენტების მიერ წინასაარჩევნო პერიოში გავრცელებულ ნარატივებს მოიცავს. ანგარიში დეზინფორმაცია/პროპაგანდის წყაროებს ააშკარავებს და ქართულ ონლაინ სივრცეში საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათი გავრცელების მასშტაბს ასახავს. ანგარიშის მიგნებების მიხედვით, დეზინფორმაციის წყაროები საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, მეორე მხრივ, სექტემბრიდან საქართველოში დაწყებული Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის შედეგად პროპაგანდის ზოგი წყაროს გავრცელება Facebook-ზე შემცირდა. ანგარიში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორებიცაა ევროკავშირი, NATO, აშშ და ა.შ., პროპაგანდის სტრატეგიულ ნარატივებს გამოჰყოფს. სრული ანგარიში ხელმისწავდომია ბმულზე.
|
|
|
|
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოსცა. ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში ქართულ სოციალურ მედია სივრცეში ძირითად ტენდენციებს აანალიზებს. კონკრეტულად, ანგარიში არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების და მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალური გვერდების, პოლიტიკური მიზნებით ანონიმურად მოქმედი გვერდების აქტივობას აღწერს და ასევე აანალიზებს საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივების მიზნით გავრცელებულ პროპაგანდისტულ ნარატივებს და სხვა ტენდენციებს, რომლებიც ამა თუ იმ გზით ამომრჩეველთა ნებაზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად. ანგარიში აგრეთვე ოფიციალურად დეკლარირებულ და არადეკლარირებულ არჩევნებთან დაკავშირებული რეკლამების ანალიზს მოიცაცს. ანგაირიში 11 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს ფარავს. ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი ძირითადად Facebook-ის მონაცმებებს ეფუძნება, თუმცა აგრეთვე მასში შესულია გარკვეული მიგნებები Instagram-დან. სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მეხუთე გამოცემა გამოაქვეყნა. დოკუმენტი შემდეგ საკითხებს მოიცავს: აზერბაიჯან-ჩინეთის ურთიერთობები, ჩინეთის ინდუსტრიული ტექნოლოგიის ასოციაციის მიერ საქართველოსთვის პირბადეების გადაცემა და საქართველოში ჩინეთის ელჩის მიერ საქართველოსთვის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებისთვის მზაობის დადასტურება, საქართველოს ჩართულობა ინიციატივაში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა”, მსხვილი ჩინური კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კონტაქტების გაფართოება, ჩინეთის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით და ა.შ.
|
|
|
|
ონლაინ პლატფორმა On.ge ‘Georgia Watch Briefing’-ის მედია პარტნიორი გახდა. On.ge დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უკვე წლებია აშუქებს. მედია პლატფორმა თავს მოუყრის Georgia Watch Briefing-ის ყველა გამოცემას.
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ
|
|
|
|
|