View in browser
XIII გამოცემა
22 ოქტომბერი - 5 ნოემბერი, 2020

მიმდინარე გამოცემის თემები

  • ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნების აღიარებასთან დაკავშირებით
  • ვიდეო ფაბრიკაციები და დეზინფორმაცია საპრლამენტო არჩევნების ირგვლივ
  • ანტი-დასავლური პოლიტიკური პარტიები და მათი ბრძოლის ველი საქართველოში
          პოლიტიკის უახლესი მოვლენები

          არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს - ქართული ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ

          2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ცესკო-ს მხრიდან პირველადი მონაცემების მიხედვით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნებისთვის” ხმების 48%-ის მინიჭებით დასრულდა. მეორე ადგილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიკავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერობით) ხმების 27%-ით. ეს მონაცემები, მაჟორიტარული არჩევნების შედეგებთან ერთად, ფაქტიურად გარანტიებს უქმნის “ქართულ ოცნებას”, რომ საქართველოსთვის რეკორდული, მესამე ვადით დააკომპლექტოს მთავრობა. თუმცა, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავდა რეალობას და მთელი რიგი ხარვეზებით მოხდა არჩევნების წარმართვა, პროცესებმა პარლამენტს გარეთ გადაინაცვლა. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა 1%-იანი ბარიერი, პარლამენტში შესვლასა და მანდატების მიღებაზე უარი განაცხადა. ასევე, ისინი ერთხმად ითხოვენ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას და სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, პერიოდულად მასობრივი აქციების გამართვაც დააანონსეს (პირელი დიდი აქცია დედაქალაქის ცენტრში 8 ნოემბერსაა დაგეგმილი).

          ცესკო-ს მიერ წინასწარი მონაცემების გამოცხადების შემდეგ, საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ყველაზე ავტორიტეტულმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED), წარადგინა საარჩევნო პროცესის შეფასების საკუთარი ანგარიში და პარალელური ხმების დათვლის (PVT) შედეგები. ISFED-ის ანგარიშში ვხვდებით საარჩევნო პროცედურების დარღვევის და შედეგების მანიპულაციის არაერთ ფაქტს “შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს… PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან” - ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიში. მაშინ, როდესაც ცესკო-მ “ქართულ ოცნებას” ხმების 48.23% მიანიჭა, ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მიხედვით მმართველი ძალის მიღებული ხმების რაოდენობა 45.8%-ს შეადგენდა (ცდომილების მაქსიმალური ზღვარი 0.7%).

          ეუთო/ოდირის 1 ნოემბერს გაკეთებული პირველადი შეფასების მიხედვით: “საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”. ამერიკის საელჩომ საქართველოში, გაიზიარა ეუთო/ოდირის შეფასება, თუმცა გამოხატა საკუთარი პოზიციაც, რომ “ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.” 2 ნოემბერს, ასევე განცხადება გაავრცელა “ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) “საარჩევნო ოქმების დისბალანსი, უბნებზე ამომრჩეველთა დაშინების ფართოდ გავრცელებული შემთხვევები, შედეგების გამოცხადების დაყოვნება, და წინასაარჩევნო პროცესში სახელმწიფო რესურსების გამოყენების საყოველთაო განცდა, აუფერულებს იმ მიღწეულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გაუმჯობესებულ ადმინისტრაცულ პროცედურებს რასაც საქართველომ მიაღწია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის”.

          მას შემდეგ რაც ცესკო-მ საკუთარ ვებგვერდზე ატვირთა შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმები, სოციალური ქსელები წალეკა არასწორად და ხარვეზებით შევსებული ოქმების სურათებმა, სადაც ძირითადად ასახული იყო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და საბოლოდ დაფიქსირებულ ოქმებს შორის არსებული დისბალანსი. არაერთმა პოლიტიკოსმა გამოთქვა პროტესტი, რომ ამა თუ იმ უბანზე, ოქმების მიხედვით მიღებული ხმების რაოდენობა არ შეესაბამებოდა მათ რეალურ მხარდაჭერას და ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ მიღებული ხმების ოდენობა იყო ნაკლები ვიდრე უბანზე რეგისტრირებული მათი ოჯახის წევრთა რაოდენობა. მაგალითისთვის ISFED-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის 92-ე უბანზე ფიქრია ჩიხრაძეს შემაჯამებელ ოქმში 0 ხმა ეწერა, მაშინ, როდესაც მას 47 ამომრჩეველმა მისცა ხმა ამ უბანზე. ასევე მკვეთრად შეუსაბამო იყო სხვა პარტიებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რეალური რაოდენობა შემაჯამებელ ოქმში ასახულ რიცხვებთან.

          3 ნოემბერს კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა საკუთარი შეფასება, სადაც ისინი 117 უბნის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის რაოდენობის შეუსაბამობის გამო. ოპოზიციურ პარტიის “ევროპული საქართველოს” მონაცემების მიხედვით კი, 3847 უბნის შემაჯამებელი ოქმებიდან პროპორციულ ნაწილში დისბალანსი ფიქსირდებოდა 1175 მათგანში (30.55%), ხოლო მაჯორიტარული ოქმებიდან 2007-ში (52.17%). სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის მიხედვით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა გაბათილებული ბიულეტენების უპრეცედენტოთ მაღალი რაოდენობა - 146,192, რაც ასევე აჩენს ეჭვებს ცესკო-ს მუშაობასთან დაკავშირებით.

          4 ოქტომბერს, გავლენიანმა არასამათავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთო შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ “საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო”. ტექსტში ასევე ვკითხულობთ: “წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა”. და ბოლოს: “2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის”.

          8 ნომებერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ცესკო-ს თავდჯდომარისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გადადგომას, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციაზე შეკრებილებმა, მთავრობას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საღამოს 8 საათადე მისცეს ვადა. ვადის ამოწურვისა და მთავრობის მხრიდან საპასუხო ქმედებების განუხორციელებლობის შემდეგ, ათასობით მომიტინგემ რუსთაველიდან ცესკო-ს მიმართულებით მშვიდობიანი მარშირება დაიწყო. მას შემდეგ, რაც მომიტინგეების მცირე ნაწილმა ცესკო-ს შენობას მიაღწია, რომელსაც დიდი რაოდენობით საპოლიციო და სპეციალური დანიშნულების ძალები იცავდნენ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება წყლის ჭავლით დაეშალათ პროტესტანტები. ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სახელმწიფოს მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება, უკანონო ქმედებად შეაფასეს, მისი არაპროპორციულობის და მომიტინგეების წინასწარ გაფრთხილების სავალდებულო პროტოკოლის დარღვევის გამო. ლომჯარიას განცხადებით, წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაშიც კი, თუკი პროტესტი რჩება კანონის ფარგლებში, სახელმწიფოს არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები. რამოდენიმე საათის შემდეგ, ღამის 1 საათზე, პოლიციამ ხელმეორედ გამოიყენა წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა მომიტინგეების დასაშლელად. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ადგილზე გამოიყენებოდა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შედეგად დაშავდა რამდენიმე მომიტინგე და ჟურნალისტი. კორონავირუსით ინფიცირების კრიტიკულად გაზრდილი შემთხვევების და საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საპოლიციო ძალების მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება განსაკუთრებით არაპროპორციული და არასაჭირო ქმედება იყო. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენებიდან მალევე, ოპოზიციურმა ძალებმა, მომიტინგეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროტესტის მომდევნო დღეს გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. შემდეგი საპროტესტო აქცია გაიმართება 9 ნოემბერს 6 საათზე, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ამოქმედდა კომენდანტის რეჟიმი, რაც მოქალაქეებს საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე გარეთ გასვლას უზღუდავს.

          ანტი-დასავლური პოლიტიკური პარტიები და მათი ბრძოლის ველი საქართველოში

          2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალურ მედიაში პროდასავლური პარტიები ბევრად მეტს აქტიურობდნენ, მეტი ადამიანის შემოკრება მოახერხეს და მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე ანტიდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. DFRLab-მა შეადარა ოთხი ანტი-დასავლური პარტიის ვირტუალური აქტივობა არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების აქტივობას. ჩვენ შევადარეთ თითოეული გვერდის აუდიტორია და გაირკვა, რომ პროდასავლურ პარტიებს ბევრად უფრო დიდი ჯამური აუდიტორია ჰყავთ, ვიდრე ულტრამემარჯვენე, ანტიდასავლურ პარტიებს. შედარებით მცირე ვირტუალური აუდიტორია შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მათი კონტენტი მომხმარებლებისთვის მიმზიდველი არაა, ან ეს გვერდები სოციალურ მედიაში აქტიურობას პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ.

          DFRLab-მა ასევე შეისწავლა, როგორ იზრდებოდა ამ გვერდების აქტიურობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად. 2020 წლის მარტი-მაისისა და ივნის-აგვისტოს პერიოდების შედარება აჩვენებს, რომ პარტიების უმრავლესობა ფეისბუქზე კიდევ უფრო გააქტიურდა. ქართული მარშის პოსტების რაოდენობა ივნის-აგვისტოში წინა პერიოდთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის საგრძნობლად ჩამორჩა სხვა პარტიებს. ორივე შერჩეულ პერიოდში ყველაზე მეტი პოსტი ევროპულ საქართველოს ჰქონდა გამოქვეყნებული.

          აუდიტორიის სიდიდე ავტომატურად არ უტოლდება მომხმარებელთა ჩართულობას. მაგალითისთვის, გირჩის ფეიჯი პოლიტიკურ პარტიათა Facebook გვერდებს შორის სიდიდით მეორეა, თუმცა მასზე მეტი ჩართულობა შედარებით პატარა გვერდებს ჰქონდათ. 2020 წლის მარტიდან აგვისტოს ბოლომდე 12-ვე გვერდმა ერთად 330 000 ინტერაქცია დააგროვა, მათგან მხოლოდ 5.5% მოდის ჯამურად თავისუფალ საქართველოზე, პატრიოტთა ალიანსსა და ქართულ იდეაზე.

          საინტერესო მაჩვენებელია ასევე interaction rate (ინტერაქციის მაჩვენებელი), რომელიც გამოითვლება ინტერაქციების საერთო რაოდენობის ფეიჯის გამომწერთა რაოდენობაზე გაყოფით. 2 ანტიდასავლურ პარტიას, ქართულ მარშსა და ქართულ იდეას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ (5.02 და 1.44), რაც იმას აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მათ ცოტა მომხმარებელი ჰყავდეთ, თუმცა ისინი სხვა პარტიების მხარდამჭერებზე მეტად აქტიურობენ პარტიის პოსტებზე.

          სტატია სრულად წაიკითხეთ აქ.

          დეზინფორმაციის მონიტორინგი

          ოპოზიციური პარტიის ლიდერის გაყალბებული ციტატა. 20 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა „მევახშეთა ლიგა“ გამოაქვეყნა რუსთავში პარტია „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ გეგელიას სავარაუდო ციტატა, რომელიც ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინებას უჭერდა მხარს. პოსტს თანდართული ჰქონდა კომენტარი: „გეი მევახშეების ხმა პარლამენტში“. რეალურად, გეგელია და მისი პარტია ეწინააღმდეგებიან ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებას და სამართლებრივ გარანტიებს ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების შესახებ. გრიგოლ გეგელიამ „მითების დეტექტორთან“ კომენტარში დაადასტურა, რომ მისი ციტატა გაყალბებულია და ის ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგება. გვერდის მიერ ყალბი ციტატის გავრცელება მიზნად ისახავდა საზოგადოების ჰომოფობიურ ნაწილზე გავლენის მოხდენას.

          საქართველოს პრეზიდენტის ყალბი ციტატა გაუვრცელეს. 23 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელის სოფო კემულარიას ძველი, 2018 წლის პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა. პოსტი შეიცავდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილს ფოტოზე გაკეთებულ წარწერას: „ყველაზე ძალიან მეზიზღება ღარიბი ქართველები. ს. ზურაბიშვილი“. მსგავსი ციტატა პრეზიდენტის სახელით არ იძებნება ღია წყაროებში. ასევე, პოსტი არ უთითებს წყაროს, თარიღს ან სხვა დეტალებს, რაც ციტატის არსებობას დაადასტურებდა. პოსტი ფეისბუქზე ტროლების და იმ ანგარიშების მიერ გავრცელდა, რომლებიც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

          ვიდეოფაბრიკაცია საქართველოს მმართველი პარტიის თავჯდომარეზე. 21 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა „ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო: გაავრცელა ვიდეო, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს „აჭარლები ჩემს თვალში რაღაც გამოთაყვანებული თუ რაღაც“. „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა, რომ ვიდეო ფაბრიკაციულია და ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა „გამოთაყვანებული“ იმ საზოგადოებას უწოდა, რომელიც შესაძლოა დაბალი ხარისხის სერიალების და გადაცემების ყურების შედეგად ჩამოყალიბდეს. ვიდეოფაბრიკაცია ხულოს მერის არჩევნებამდე 2019 წელსაც ვრცელდებოდა და წინასაარჩევნო კონტრ-კამპანიის ნაწილი იყო.

          ბანკში მომხდარი ყაჩაღობის დაკავშირება ენმ-სთან. 21 ოქტომბერს შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა ზუგდიდის საქართველოს ბანკის შენობაში, მძევლები აიყვანა და გამოსასყიდი მოითხოვა. ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღმოჩნდა, რამაც წარმოშვა ფეისბუქ კამპანია, რომელიც მომხდარ ინციდენტს ენმ-ს უკავშირებდა და ამის მიზეზად ქვეყნაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ასახელებდა. „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა 17 პროსახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციური ფეისბუქ ანგარიში და მედია საშუალება, ასევე 4 ანტილიბერალური და პრორუსული ანგარიშები, რომლებიც იდენტური შინაარსის გზავნილებს ავრცელებდნენ. მათ ჯამში 13 დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნეს. „მითების დეტექტორმა“ ასევე აღმოაჩინა 2 ოპოზიციური გვერდი, რომელიც ზუგდიდის ინციდენტს ხელისუფლებას უკავშირებდა.

          დაფოტოშოპებული სქრინშოტი გამოიყენეს მტკიცებისთვის, თითქოს ოპოზიციური მედია საზოგადოებას ატყუებს. ფეისბუქ პოსტი Travel Georgia ამტკიცებდა, რომ გამოააშკარავეს ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხი“, რომელიც ოკლაჰომის ძარცვის ფოტოს იყენებდა, რათა საზოგადოება ქვეყანაში არსებული კრიმინალური სიტუაციის შესახებ შეცდომაში შეეყვანა. რეალურად, ფოტო, რომელიც გვერდმა გამოიყენა, დაფოტოშოპებულია და მასზე „მთავარი არხის“ ლოგო და დამატებითი წარწერებია გაკეთებული. „მთავარ არხს“ ოკლაჰომის ძარცვის ფოტო თავის სიუჟეტებში და ახალ ამბებში არ გამოუყენებია. „მთავარის“ ავთენტური სიუჟეტი ასახავს კრიმინალურ შემთხვევას საქართველოდან. ფოტომანიპულაციის გავრცელება კი მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური მედიის დისკრედიტაციას.

          გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა

          ირაკლი კობახიძის წინასაარჩევნო ბრალდებები ოპოზიციის მიმართ

          26 ოქტომბერს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიცია დაადანაშაულა მმართველი პარტიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა Deepfake. "გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, Deepfake... პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება, განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს"- განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ოპონენტი პოლიტიკოსები და მათი მედია საშუალებები შეპყრობილი არიან ექსტრემისტული ზრახვებით, შესაბამისად, საქართველოში კრიმინალის გაზრდილი მაჩვენებლის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებას ახდენენ.

          სააკაშვილის მიერ პანდემიის რისკების უგულებელყოფა და წინასაარჩევნო მასობრივი მობილიზაციის წახალისება

          მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს აქციების გამართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პარტია მზადაა არჩევნებისთვის მასობრივი მობილიზაციის მოსახდენად და მათი მოსამზადებელი ეტაპები სწორედ მთელ საქართველოში მიმდინარე აქციებს მოიცავს. იგი აკრიტიკებს მმართველ პარტიას იმის გამო, რომ კოვიდ პანდემიას ეფექტურად ვერ გაუკლავდა, ხოლო ის თავად უგულებელყოფს კორონას შემთხვევების ზრდას საქართველოში და მოუწოდებს ხალხს შეუერთდნენ მიმდინარე აქციებს. „ივანიშვილს ტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს. ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები. საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას!“- აღნიშნა სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

          სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები

          საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) გამოაქვეყნა ივლისი-აგვისტოს გამოცემა ანაგრიშების სერიიდან - “დეზინფომეტრი”, რომელიც საქართველოში გავრცელებულ პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას აანალიზებს. ანაგრიში ააშკარავებს კრემლისა და მისი გავლენის აგენტების მიერ საქართველოში გავრცელებულ ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებს, მათი გავრცელების წყაროებს და ასევე, საქართველოს ონლაინ სივრცეში დეზინფორმაცია/პროპაგანდის მასშტაბს და ტენდენციებსაც ასახავს. ანაგრიში სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებულ ნარატივებსა და მესიჯებს 8 კატეგორიად გამოჰყოფს. ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

          საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მეოთხე გამოცემა გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს პოლიტიკის უახლეს მოვლენებს და ეკონომიკურ ურთიერთობების ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის, სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

          29 ოქტომბერს სამოქალაქო იდეამ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად, ორგანიზება გაუწია მეორე ვებინარს სამხრეთ კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ომის შედეგებზე. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ომის მონაწილე ქვეყნებიდან და ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ყარაბაღის საკითხზე მუშაობენ. მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტში სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფო აქტორების მონაწილეობასა და მთიანი ყარაბაღის დავის გრძელვადიან შედეგებზე კავკასიის რეგიონში.

          მედიის განვითარების ფონდმა ‘ფორსეტ’-თან ერთად, Bellingcat-სა და Facebook-თან პარტნიორობით, Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით და Digital Communication Network-თან პარტნიორეობით მოაწყო გლობალური ღონისძიება - Hacking the Fake News. გლობალურმა ჰაკათონმა გამოავლინა 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მათი პროექტებისთვის 3 ათასი დოლარის ოდენობის პრიზს მიიღებენ.

          მედიის განვითარების ფონდმა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ის მოიცავს 2019 წლის მონაცემებს და ერთი მხრივ, სამაუწყებლო მედიის დეკლარირებულ შემოსავლებს იკვლევს, ხოლო, მეორე მხრივ, მედიასაშუალებებში რეკლამირებისა და ინფორმაციის გავრცლებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას. მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

          ონლაინ პლატფორმა On.ge ‘Georgia Watch Briefing’-ის მედია პარტნიორი გახდა. On.ge დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უკვე წლებია აშუქებს. მედია პლატფორმა თავს მოუყრის Georgia Watch Briefing-ის ყველა გამოცემას.

          იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ

          გამოწერა

          ეს საინფორმაციო ბიულეტენი არის პროექტის "ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება მტრული საგარეო ზეგავლენის წინააღმდეგ" ნაწილი. პროექტი ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის EMERGING DONORS CHALLENGE PROGRAM-ის მიერ.

          facebook twitter
          European Values Center for Security Policy
          info@europeanvalues.net
          Unsubscribe