2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ცესკო-ს მხრიდან პირველადი მონაცემების მიხედვით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნებისთვის” ხმების 48%-ის მინიჭებით დასრულდა. მეორე ადგილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიკავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერობით) ხმების 27%-ით. ეს მონაცემები, მაჟორიტარული არჩევნების შედეგებთან ერთად, ფაქტიურად გარანტიებს უქმნის “ქართულ ოცნებას”, რომ საქართველოსთვის რეკორდული, მესამე ვადით დააკომპლექტოს მთავრობა. თუმცა, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავდა რეალობას და მთელი რიგი ხარვეზებით მოხდა არჩევნების წარმართვა, პროცესებმა პარლამენტს გარეთ გადაინაცვლა. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა 1%-იანი ბარიერი, პარლამენტში შესვლასა და მანდატების მიღებაზე უარი განაცხადა. ასევე, ისინი ერთხმად ითხოვენ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას და სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, პერიოდულად მასობრივი აქციების გამართვაც დააანონსეს (პირელი დიდი აქცია დედაქალაქის ცენტრში 8 ნოემბერსაა დაგეგმილი).
ცესკო-ს მიერ წინასწარი მონაცემების გამოცხადების შემდეგ, საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ყველაზე ავტორიტეტულმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED), წარადგინა საარჩევნო პროცესის შეფასების საკუთარი ანგარიში და პარალელური ხმების დათვლის (PVT) შედეგები. ISFED-ის ანგარიშში ვხვდებით საარჩევნო პროცედურების დარღვევის და შედეგების მანიპულაციის არაერთ ფაქტს “შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს… PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან” - ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიში. მაშინ, როდესაც ცესკო-მ “ქართულ ოცნებას” ხმების 48.23% მიანიჭა, ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მიხედვით მმართველი ძალის მიღებული ხმების რაოდენობა 45.8%-ს შეადგენდა (ცდომილების მაქსიმალური ზღვარი 0.7%).
ეუთო/ოდირის 1 ნოემბერს გაკეთებული პირველადი შეფასების მიხედვით: “საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”. ამერიკის საელჩომ საქართველოში, გაიზიარა ეუთო/ოდირის შეფასება, თუმცა გამოხატა საკუთარი პოზიციაც, რომ “ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.” 2 ნოემბერს, ასევე განცხადება გაავრცელა “ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) “საარჩევნო ოქმების დისბალანსი, უბნებზე ამომრჩეველთა დაშინების ფართოდ გავრცელებული შემთხვევები, შედეგების გამოცხადების დაყოვნება, და წინასაარჩევნო პროცესში სახელმწიფო რესურსების გამოყენების საყოველთაო განცდა, აუფერულებს იმ მიღწეულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გაუმჯობესებულ ადმინისტრაცულ პროცედურებს რასაც საქართველომ მიაღწია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის”.
მას შემდეგ რაც ცესკო-მ საკუთარ ვებგვერდზე ატვირთა შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმები, სოციალური ქსელები წალეკა არასწორად და ხარვეზებით შევსებული ოქმების სურათებმა, სადაც ძირითადად ასახული იყო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და საბოლოდ დაფიქსირებულ ოქმებს შორის არსებული დისბალანსი. არაერთმა პოლიტიკოსმა გამოთქვა პროტესტი, რომ ამა თუ იმ უბანზე, ოქმების მიხედვით მიღებული ხმების რაოდენობა არ შეესაბამებოდა მათ რეალურ მხარდაჭერას და ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ მიღებული ხმების ოდენობა იყო ნაკლები ვიდრე უბანზე რეგისტრირებული მათი ოჯახის წევრთა რაოდენობა. მაგალითისთვის ISFED-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის 92-ე უბანზე ფიქრია ჩიხრაძეს შემაჯამებელ ოქმში 0 ხმა ეწერა, მაშინ, როდესაც მას 47 ამომრჩეველმა მისცა ხმა ამ უბანზე. ასევე მკვეთრად შეუსაბამო იყო სხვა პარტიებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რეალური რაოდენობა შემაჯამებელ ოქმში ასახულ რიცხვებთან.
3 ნოემბერს კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა საკუთარი შეფასება, სადაც ისინი 117 უბნის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის რაოდენობის შეუსაბამობის გამო. ოპოზიციურ პარტიის “ევროპული საქართველოს” მონაცემების მიხედვით კი, 3847 უბნის შემაჯამებელი ოქმებიდან პროპორციულ ნაწილში დისბალანსი ფიქსირდებოდა 1175 მათგანში (30.55%), ხოლო მაჯორიტარული ოქმებიდან 2007-ში (52.17%). სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის მიხედვით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა გაბათილებული ბიულეტენების უპრეცედენტოთ მაღალი რაოდენობა - 146,192, რაც ასევე აჩენს ეჭვებს ცესკო-ს მუშაობასთან დაკავშირებით.
4 ოქტომბერს, გავლენიანმა არასამათავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთო შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ “საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მეტიც, ჩვენი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო”. ტექსტში ასევე ვკითხულობთ: “წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა”. და ბოლოს: “2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის”.
8 ნომებერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ცესკო-ს თავდჯდომარისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გადადგომას, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციაზე შეკრებილებმა, მთავრობას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საღამოს 8 საათადე მისცეს ვადა. ვადის ამოწურვისა და მთავრობის მხრიდან საპასუხო ქმედებების განუხორციელებლობის შემდეგ, ათასობით მომიტინგემ რუსთაველიდან ცესკო-ს მიმართულებით მშვიდობიანი მარშირება დაიწყო. მას შემდეგ, რაც მომიტინგეების მცირე ნაწილმა ცესკო-ს შენობას მიაღწია, რომელსაც დიდი რაოდენობით საპოლიციო და სპეციალური დანიშნულების ძალები იცავდნენ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება წყლის ჭავლით დაეშალათ პროტესტანტები. ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სახელმწიფოს მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება, უკანონო ქმედებად შეაფასეს, მისი არაპროპორციულობის და მომიტინგეების წინასწარ გაფრთხილების სავალდებულო პროტოკოლის დარღვევის გამო. ლომჯარიას განცხადებით, წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაშიც კი, თუკი პროტესტი რჩება კანონის ფარგლებში, სახელმწიფოს არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები. რამოდენიმე საათის შემდეგ, ღამის 1 საათზე, პოლიციამ ხელმეორედ გამოიყენა წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა მომიტინგეების დასაშლელად. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ადგილზე გამოიყენებოდა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შედეგად დაშავდა რამდენიმე მომიტინგე და ჟურნალისტი. კორონავირუსით ინფიცირების კრიტიკულად გაზრდილი შემთხვევების და საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საპოლიციო ძალების მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება განსაკუთრებით არაპროპორციული და არასაჭირო ქმედება იყო. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენებიდან მალევე, ოპოზიციურმა ძალებმა, მომიტინგეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროტესტის მომდევნო დღეს გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. შემდეგი საპროტესტო აქცია გაიმართება 9 ნოემბერს 6 საათზე, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ამოქმედდა კომენდანტის რეჟიმი, რაც მოქალაქეებს საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე გარეთ გასვლას უზღუდავს.
|