|
მიმდინარე გამოცემის თემები
- საქართველოში ახალი ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური პარტია არსდება
- ბჟანია ასადს შეხვდა
- რუსეთი უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობს
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
საქართველოში ახალი ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური პარტია არსდება
|
|
|
|
ლევან ვასაძე,
რუსეთის მიმართ სიმპათიით განწყობილი ულტრაკონსერვატიული და ანტილიბერალური მოსაზრებებით ცნობილი, დასავლეთში განათლებამიღებული ქარიზმატული ქართველი ბიზნესმენი, საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებულ მოლოდინებს „ამართლებს” და ქართულ პოლიტიკაში უკვე ოფიციალურად ერთვება. ვასაძე ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას წლების განმავლობაში აკრიტიკებდა, თუმცა, მისთვის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების მიღების მხრივ, „ბოლო წვეთი” ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა აღმოჩნდა, რომლის სრულად განხორციელების შემთხვევაშიც, მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტი უხეშად შეილახება და შემცირდება.
ვასაძის ახლად დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“ („ერთობა, რაობა, იმედი“) - მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ამისთვის, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც, ვასაძემ საკუთარ პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დაიწყო. 16 მაისს, ლევან ვასაძემ თბილისში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პირველი აქციაც გამართა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო. ულტრაკონსერვატიულ აქციაში მონაწილეობა ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობებით ცნობილმა არაერთმა პირმაც მიიღო. ვასაძის პოლიტიკურ პარტიას PR-ის კუთხით დახმარებას ტელეკომპანია „ალტ-ინფო“ აღმოუჩენს, რომელიც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის გამტარებელი ტელევიზიაა და Facebook-ის მიერ კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის გამო პლატფორმიდან წაშლამდე, სოციალურ ქსელში მნიშვნელოვნად ძლიერდებოდა.
კრემლთან ახლო კავშირში მყოფი ალექსანდრე დუგინისა და მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, იგორ დოდონის მეგობარი ლევან ვასაძე საზოგადოებრივ ცხოვრებაში წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული და ქართულ კონსერვატიულ საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამოყენებას წარმატებით ახერხებდა. 2019 წლის ივნისში, ვასაძე და მისი თანამოაზრეები თბილისი პრაიდის, ადგილობრივი LGBTQI თემის კავშირის მიერ დაგეგმილი აქცია პერფორმანსის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამ მიზნით, ვასაძემ კომბლებით შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების ჩამოყალიბება დააანონსა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, რომლის შედეგებიც ამ დრომდე უცნობია.
საქართველოში გავრცელებული მოსაზრებით, ანტიდასავლური და პრორუსული პარტიების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის გამო, ვასაძე, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, იმედოვნებს რომ საქართველოში კრემლის ახალი ფავორიტი გახდება.
|
|
|
|
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები |
|
|
|
სირიაში „ოფიციალური ვიზიტის“ ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. სირიაში მყოფმა „აფხაზეთის დელეგაციამ”, რომელშიც ასევე შედიოდნენ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე და დე ფაქტო მთვარობის წევრები, სირიელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, „აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომაც“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ბჟანია სირიაში სოჭიდან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავით გაფრინდა.
კრემლის მიერ მხარდაჭერილმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წელს აღიარა, რის პასუხადაც თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აღნიშნული შემთხვევა არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთი მასთან კავშირში მყოფ რეჟიმებზე ზეწოლით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას. ასადი, რომელიც მისი ხელისუფლების გადარჩენისთვის მოსკოვთან ვალშია იძულებული გახდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობა“ ეღიარებინა.
|
|
|
|
რუსეთი უკანონო ბორდერიზაციას განაგრძობს
|
|
|
|
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში ხეების გაჩეხვა დაიწყეს, რაც ბორდერიზაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს წარმოადგენს. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას, მათ თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიაზე 100 მეტრით შემოიწიეს და 300-400 მეტრის სიგრძის მავთულხლართები გაავლეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბორდერიზაციის გაგრძელების ფაქტი დაადასტურა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ გაააქტიურა, ბორდერიზაციის პროცესის შესახებ განცხადება გაავრცელა და პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა. ამასთან, ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ე.წ. „საზღვარი“ და „სასაზღვრო რეჟიმი“ გასულ თვეში 42-მა ადამიანმა დაარღვია, რაც მარტში 28 დარღვევის შემდეგ ზრდას წარმოადგენს.
|
|
|
|
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოში კონფლიქტის შესახებ
|
|
|
|
2021 წლის 12 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკითხზე - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“.
ევროსაბჭოს დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ: „რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში”. დოკუმენტში, მინისტრთა კომიტეტი მიესალმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე და რუსეთის ფედერაციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მოუწოდა.
დოკუმენტში მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ დაუსჯელობის გამო, რაც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს ახლავს და მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება რათა დასრულდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობა და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის
|
|
|
|
საქართველოს გუშაგის მიმოხილვა - აპრილი |
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
კრემლისტური მედია ამტკიცებს, რომ ესტონელებს ევროკავშირში დარჩენა აღარ სურთ. 22 აპრილს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ” sputnik-meedia.ee-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ესტონეთი ევროკავშირის დატოვებას გეგმავს. სტატიის მიხედვით, ბალტიის ქვეყანამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციისთვის და საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მისი ინიციატორი, ულტრამემარჯვენე კონსერვატიული ესტონეთის სახალხო პარტია (EKRE) ესტონეთის პარლამენტს ევროკავშირის დატოვებაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართავს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „საქართველო და მსოფლიომ” სტატიას სათაურად შეურჩია „ესტონელებს ევროკავშირში დარჩენა აღარ სურთ”, რაც უსაფუძვლოა, რადგან ესტონელების 84% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, ხოლო ზემოთ ნახსენებ პეტიციას 6 მაისის მდგომარეობით 1 656 ხელმომწერი ჰყავდა, მაშინ, როდესაც ესტონეთის მოსახლეობა 1.3 მილიონი ადამიანია. ესტონური სპუტნიკის სტატიის ავტორი ასევე ამტკიცებდა, რომ 2003 წლის რეფერენდუმი, როდესაც ესტონელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭირეს მხარი, არავალიდურია, რადგან მასში დადებითი პასუხი ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა დააფიქსირა. იქიდან გამომდინარე, რომ ესტონეთის რეფერენდუმის აქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმში ხმის მიმცემთა უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად ხდება, სპუტნიკის არგუმენტი მანიპულაციურია. 2003 წლის რეფერენდუმზე როგორც ამომრჩეველთა აქტივობა, ისე ევროკავშირში გაწევრიანებაზე დადებითი პასუხი 60%-ს აჭარბებდა.
|
|
|
|
რუსეთის პირველი არხი ვაქცინებზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს. ქართულმა ფეისბუქ ანგარიშებმა რუსეთის პირველი არხის სიუჟეტი გაავრცელეს, რომელშიც ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ფაიზერის ვაქცინამ ასტრაზენეკას მიერ გამოწვეულ გვერდით ეფექტებსა და სიკვდილიანობას გადააჭარბა. პირველი არხი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას The Institute for Global Change-ს ციტირებს. სიუჟეტში ინფორმაცია კონტექსტის გარეშეა მოწოდებული და „ყვითელი ბარათის” სისტემის მონაცემებს ეყრდნობა. ამ სისტემაში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეტყობინების დატოვება და დამატებითი გამოძიების გარეშე პროგრამა ვერ დაადასტურებს იყო თუ არა ვაქცინა სიკვდილის გამომწვევი. ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) სწავლობს ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალებაზე შემოსულ შეტყობინებებს, თუმცა აქამდე არც ერთი ფატალური შემთხვევა, რომელიც ვაქცინებთან იქნებოდა დაკავშირებული, არ გამოვლენილა.
|
|
|
|
კონსპირაციული თეორია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერების შესახებ. ყალბმა ფეისბუქ ანგარიშმა, რომელიც ადრე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებდა და ზოგიერთი ონლაინ მედიის მიერაც იყო ციტირებული, რამდენიმე ფოტოს შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოებში, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს ასახავს, საქართველოს, ბელარუსის, ყაზახეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების ახლანდელი და ყოფილი პრეზიდენტები ჩანან. მათ მასონობასთან რაიმე კავშირი, როგორც ამას გამავრცელებელი წყარო ამტკიცებს, არ აქვთ.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
სტალინისტები ნაციზმზე გამარჯვების დღეს რუსეთის დროშებითა და საბჭოთა სიმბოლიკით აღნიშნავენ
|
|
|
|
9 მაისს, ნაცისტურ გერმანიასთან გამარჯვების დღეს, სტალინისტური მოძრაობისა და სხვა პრორუსული ორგანიზაციების წევრები (მაგ. სტალინის ფენომენის შესწავლის საერთაშორისო ცენტრი, რომელსაც მხარს უჭერს სტალინის საზოგადოების თავმჯდომარე გრიშა ონიანი) გორში, სტალინის მუზეუმის წინ შეიკრიბნენ, საბჭოთა სიმბოლოებით ტრიუმფი აღნიშნეს და პრორუსული განცხადებები გააკეთეს. მოგვიანებით, ისინი ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ, სადაც წლების განმავლობაში სტალინის ქანდაკება იდგა. სტალინისტების აზრით, სტალინის ძეგლის მოედანზე დაბრუნება აუცილებელია. საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია" კრძალავს საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებას, თუმცა, როგორ ჩანს, ეს კანონი სტალინისტებისთვის „არ არსებობს". მათ მიერ კანონმდებლობის უხეშად დარღვევის მიუხედავად, პოლიცია ადგილზე არ გამოცხადდა.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
მედიის განვითარების ფონდმა ახალი ანგარიში „როგორ ხვდება ქართული კომპანიების რეკლამები კრემლის პროპაგანდისტულ პლატფორმებზე GOOGLE ADS-ის გავლით” გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას თუ რომელი ქართული კომპანიები ათავსებენ რეკლამებს კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ ვებ-საიტებზე და ასევე გვთავაზობს აღნიშნული მედია-საშუალებების პროფილების ანალიზს. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა Google Ads-ის მუშაობის პრინციპს და ასევე მესამე ნაწილში მოცემულია ინფორმაცია, თუ რომელმა კომპანიამ მოახდინა რეაგირება კვლევის მიგნებებზე. მედიის განვითარების ფონდმა ანგარიში ღია საინფორმაციო პარტნიორობის კვლევითი პროექტის ფარგლებში მოამზადა. პროექტში 5 ქვეყნის (პოლონეთი, ლიეტუვა, საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი) კვლევითი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
|
|
|
|
„კრემლის რეგიონის გზამკვლევმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებგვერდთან ინტეგრირებული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი) გამოაქვეყნა სტატია - „აფხაზეთის მოსახლეობა: რაოდენობა და ეთნიკური შემადგენლობა“. მასში 1989 წლიდან 2020 წლის ჩათვლით აფხაზეთის მოსახლეობის ტრენდები და ტენდენციებია აღწერილი. ავტორის თანახმად, სტატისტიკა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მონაცემებს ეფუძნება და ის სანდო ინფორმაციის წყაროდ ვერ ჩაითვლება. სტატიაში გაკეთებულია დასკვნა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა სტატისტიკაში ეთნიკური აფხაზების წილს განზრახ ზრდის, რათა სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან პოლიტიკური ძალაუფლების ნაკლებად გაყოფის ლეგიტიმაცია მოახდინოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო რეჟიმის სტატისტიკა ქართველებსა და მეგრელებს განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებად წარმოაჩენს, რათა ეთნიკური ქართველების პროცენტი და შედეგად, გალის რაიონში ქართველების გავლენა შეამციროს.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS - რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მე-12 გამოცემა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ასახულია ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთმა რეგიონმა - შიდა ქართლმა და ჩინეთის პროვინციამ - განსუმ, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას უკავშირდება. ასევე, ჩინეთში საქართველოს ელჩმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მეტალების, მინერალებისა და ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან ეკონომიკური საკითხები განიხილა; ამასთან, ჩინეთში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის ექსპორტს გაუწია რეკლამირება, საქართველოს ავიახაზებმა კი სინძიანში საქონლის ტრანსპორტირება დაიწყო. საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შედეგად იანვარი-მარტის პერიოდში ჩინეთი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო. რაც შეეხება სხვა სფეროებში თანამშრომლობას, საქართველომ 100 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა მიიღო და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ქართულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ COVID-19-თან ბრძოლაში ჩინეთი საქართველოს მუდმივად ეხმარება.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|