12 ნოემბერს, ორი კვირის შემდეგ, რაც რუსეთის მხარდაჭერილი აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია, მოსკოვში მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შეხვდა, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგი პირადად მიიღო სოჭში, სადაც მათ პოლიტიკური, ეკონომიკური და COVID-19-თან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასლან ბჟანიამ, რომელიც ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში მძიმე მეტალებით ორჯერ მოწამლეს, აფხაზეთის მხარდაჭერისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სოხუმი მოსკოვთან ხელმოწერილი შეთანხმებების იმპლემენტაციას გეგმავს, რადგან ისინი „აფხაზეთის ინტერესებს ემთხვევა და მის სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს აძლიერებს“.
მოგვიანებით, 17 ნოემბერს, პრესკონფერენციის დროს, ბჟანიამ აღნიშნა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აგრეთვე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კომენტირებისას, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით რუსეთთან კავშირის განმტკიცების საჭიროება აშკარა გახდა - „აზერბაიჯანისა და ყარაბაღის და საქართველოსა და ჩვენს ურთიერთობებს შორის გარკვეული ანალოგიები არის“ - განაცხადა ბჟანიამ და დაასკვნა, რომ „კარგია სამხრეთ კავკასიაში ისეთი ძლიერი ფაქტორის არსებობა, როგორიც რუსეთია“.
23 ნოემბერს სოხუმმა მოსკოვთან „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების“ ახალი პროგრამა გაასაჯაროვა. პროგრამა, რომელიც 2014 წლის რუსეთ-აფხაზეთის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას“ ეფუძნება, აფხაზეთის „კანონების“ რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. დოკუმენტი, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის ლიდერი აწერს ხელს, 45 ცალკეულ პარაგრაფს მოიცავს და ისინი აფხაზურ მხარეს სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და პოლიტიკის სფეროებში თავისი „კანონების“ რუსულთან მორგებას ავალდებულებს. „პროექტის მიზნები რუსეთის ფედერაციის ინიციატივით და/ან დახმარებით განხორციელებულ ინტეგრაციის პროექტებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრული ჩართულობისათვის სასურველი პირობების შექმნისკენაა მიმართული“. პროგრამა საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს, როგორებიცაა მაგალითად ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის რეგულირება, რაც რუსებს რეგიონში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას აძლევს; აფხაზეთის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუხლები, და რუსი ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვებისა და სამუშაო საქმიანობის დარეგისტრირების თვალსაზრისით სამართლებრივი პროცედურების გამარტივება. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება მოცემული ზომების იმპლემენტაციისათვის 2-3 წლიან დროით ჩარჩოს განსაზღვრავს.
საქართველოს საექსპერტო საზოგადოების მიხედვით, ბოლოდროინდელი განვითარებები აფხაზეთის რუსეთში მეტად ინტეგრაციის შესახებ საგანგაშოა, რადგან აღნიშნული შეიძლება ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი ან მისი პრელუდია იყოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი პროგრამა დაგმო და განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება“ და აგრეთვე ყველა შემდგომი ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ ან „პროგრამა“ არალეგალურია და შეუძლებელია რაიმე სამართლებრივი ეფექტი ჰქონდეს“. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობაზე ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან ზეწოლა ძლიერდება და პანდემიით კიდევ უფრო დამძიმებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ და 2020 წლის ყარაბაღის ომის ფონზე სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის შესახებ სოხუმის რუსეთის მიერ თავსმოხვეულმა აღქმამ, აფხაზეთის ხელმძღვანელობა რუსეთის გავლენის მიმართ კიდევ უფრო მორჩილი გახადა.
აფხაზეთი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონი, ერთ დროს „საბჭოთა რივიერა“ დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლით, 1994 წლიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა. საქართველოსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 250 ათასი ეთნიკურად ქართველი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, რამაც რეგიონის მოსახლეობა გაანახევრა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზების ძიების საერთაშორისო ძალისხმევას რუსეთის ფედერაცია ხელს უშლის, მათ შორის ეთნიკურად ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების მათ სახლებში დაბრუნების საკითხსაც ბლოკავს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია 1994 წლის ეუთოს ბუდაპეშტის სამიტის დეკლარაციით. საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე გალის რაიონი აფხაზეთში ერთადერთი რაიონია, სადაც ეთნიკური ქართველები უმრავლესობას წარმოადგენენ. საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს ბოლო ანგარიში აღწერს იმ მძიმე პირობებს, რომელშიც ეთნიკურ ქართველებს უწევთ ცხოვრება და ხაზს უსვამს იმას, რომ „გამშვები პუნქტების“ დახურვამ მოსახლეობა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა. საქართველოს დასავლელი მოკავშირეები შეშფოთებას გამოთქვამენ „საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების სიტუაციის მუდმივ გაუარესებასა“ და „დოკუმენტაციის ხარვეზებისა და მასთან დაკავშირებული გადაადგილების თავისუფლების, ბინადრობის უფლების, მუშაობისა და საკუთრების უფლების და აგრეთვე მშობლიურ ენაზე სერვისებსა და განათლებაზე წვდომის პრომებლემებთან დაკავშირებით“, რომელიც „კიდევ უფრო გართულებულია COVID-19-ის პანდემიით“.
|