25 სექტემბერი - 8 ოქტომბერი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში; ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დაკავებულია
- არჩევნების დღეს ენგურის ხიდი დაიკეტა
- საქართველოს მთავრობა ევროპულ დახმარებაზე მეტად უპირატესობას აზიურ ვალებს ანიჭებს
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში; ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დაკავებულია
|
|
|
|
2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასანიშნად გამართულ რეფერენდუმად განიხილავდა. შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, რომლის შედეგადაც ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მრავალთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში დაბრუნდა: „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს”. ივლისის თვეში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დატოვა. პარტიის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეთანხმებამ „თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“. თუმცა, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლისა, ოპოზიციამ განაგრძო 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების რეფერენდუმად გამოცხადება და თავისი წინასაარჩევნო კამპანიაც ამ მოცემულობაზე ააგო.
მიუხედავად ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთო პროპორციული შედეგები შედარებით წარმატებული „ქართული ოცნებისათვის“ აღმოჩნდა, რადგან მათ ხმათა 46,7%-ის მოპოვება მოახერხეს. ოპოზიციური ფლანგის ლიდერმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 30,7% მიიღო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები პირველივე ტურში დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ თბილისში, ვერ მოიგო, ხოლო მეორე ტურები 20 მუნიციპალიტეტში დაინიშნა, და მათ შორის, ყველა თვითმმართველ ქალაქში. არჩევნების პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მათ შორის დიდ ქალაქებში - ბათუმი, ზუგდიდი და რუსთავი) უმრავლესობაც კი დაკარგა. დედაქალაქ თბილისში, მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ხმათა 45% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ – 34%. იმის გამო, რომ ხმათა 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა, თბილისში 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ეუთო/ოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს მუნიციპალური არჩევნები „ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩატარდა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე და ახასიათებდა ძლიერი პოლარიზაცია“, და რომ „ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იქნა მართული”. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ მხარეებს შეეძლოთ „თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია კონკურენტულ გარემოში“, თუმცა ეუთო/ოდირის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია „დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანასწორმა საასპარეზო პირობებმა“. ასევე, ეუთო/ოდირმა ხაზი გაუსვა, რომ „რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა“ ხელს მმართველ პარტიას აძლევდა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, რომელიც ასევე აკვირდებოდა მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში, მეტნაკლებად იდენტურად შეაფასა 2 ოქტომბრის არჩევნები. ევროპის საბჭოს მიხედვით, არჩევნების დღე იყო „მთლიანობაში მშვიდი, მოწესრიგებული, გამჭირვალე და კარგად ორგანიზებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე”, თუმცა, „პოლიტიკური გარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული” და ფიქსირდებოდა „ვერბალური აგრესიის, სიძულვილის ენის და ყალბი ამბების გავრცელების გაზრდილი შემთხვევები წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელებში”. დევიდ ერაიმ, ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩევნების შეჯამებისას აღნიშნა, რომ „პოლარიზაციის ამ დონეს, პარალიზების ეფექტი ჰქონდა ადგილობრივ დემოკრატიულ პროცესებზე, რომელიც თავის მხრივ, ეროვნული პოლიტიკური პროცესების მძევალი გახდა. ამ ფონზე, ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად საქართველოში”. მან ასევე გააკრიტიკა იმ ახალი რეგულაციების ეფექტიანობა, რომელიც მიზნად ქალი კანდიდატების რიცხვის გაზრდას ისახავს საარჩევნო სიებში.
ადგილობრივი არჩევნების საკითხზე მომუშავე მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED), „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (GYLA), და „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ (TI)” გამოაქვეყნეს არჩევნების შეფასების წინასწარი ანგარიშები (TI-ს ანგარიში, GYLA-ს ანგარიში, ISFED-ის ანგარიში), სადაც ხაზგასმულია პროცედურული შეუსაბამობები და საარჩევნო უბნების ტერიტორიებსა და მათ სიახლოვეს დაფიქსირებული დარღვევები. ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა, ამომრჩევლების კონტროლი არაავტორიზებული პირების მიერ, არასათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით ხმის მიცემა, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის ნების დართვა და ხმის მიცემამდე მარკირების პროცედურის გამოტოვება - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რაც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, პარტიული კოორდინატორების შეკრება უბნებთან, ამომრჩევლების მობილიზაცია, ამომრჩევლების კონტროლი და აღრიცხვა, და სავარაუდო ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტები - საარჩევნო უბნების სიახლოვეს ფიქსირდებოდა.
2 ოქტომბრის არჩევნები ნაწილობრივ გადაფარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლის, მიხეილსსააკაშვილის დაპატიმრების ამბავმა. 1 ოქტომბრის დილას სააკაშვილმა ყველასთვის მოულოდნელად საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი წარწერით: „დილა მშვიდობისა საქართველოს. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ”. მოგვიანებით სააკაშვილმა მის გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოს მოსახლეობას მიმართავდა ბათუმის სანაპიროდან და პირობაც დადო, რომ მალე თბილისში იქნებოდა. სააკაშვილმა ასევე თავის ამომრჩევლებს მოუწოდა 3 ოქტომბერს, არჩევნების შემდეგ დღეს, შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირზე, ხოლო არჩევნებში მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობის” ან სხვა პატარა „ნამდვილი” ოპოზიციური პარტიებისთვის, გარდა ექსპრემიერ გახარიას პარტია „საქართველოსთვის” და სხვა ისეთი პარტიებისა, რომლებიც „ფულს იღებენ ივანიშვილისგან”.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც „ქართული ოცნების” ლიდერები მთელი დღის განმავლობაში უარყოფდნენ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის ყოველგვარ შესაძლებლობას. მათ შორის, „ქართული ოცნების” თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც სააკაშვილს „კლოუნი” უწოდა, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ვიდეოები „საქართველოში არ იყო გადაღებული”. თუმცა, იმავე საღამოს, სპეციალურ ბრიფინგზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააპატიმრეს. ორი დღის შემდეგ, 3 ოქტომბერს, ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრემიერმა ღარიბაშვილმა ფართოდ ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ფაქტზე და ისიც დააყოლა, რომ „[სააკაშვილი] წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”...
სააკაშვილის დაპატიმრებამდე და დაპატიმრების შემდეგაც, საქართველოში არაერთი სპეკულაცია ვრცელდებოდა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებდა. თუმცა, 1 ოქტომბრის გვიან ღამეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც განმარტა, რომ ის არასოდეს შეიწყალებს სააკაშვილს. გარდა იმ „დანაშაულებისა”, რაც „სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა” 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ჩაიდინეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყოფილ პრეზიდენტს ბრალი 2 ოქტომბრის არჩევნების წინ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაშიც დასდო.
|
|
|
|
ᲝᲙᲣᲞᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲢᲔᲠᲘᲢᲝᲠᲘᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲘ |
|
|
|
პუტინი ბჟანიას ყოველმხრივი დახმარების გაგრძელებას დაპირდა
|
|
|
|
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტს”, ასლან ბჟანიას, აფხაზეთის „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის” დღე მიულოცა. მან აღნიშნა, რომ „სახელმწიფოებს” შორის ურთიერთობა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება. პუტინი ასევე დაპირდა, რომ აფხაზი მეგობრებისთვის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრისა და „ეროვნული უსაფრთხოების” უზრუნველყოფისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს.
|
|
|
|
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს სოხუმის დაცემის აღნიშვნა აიძულეს
|
|
|
|
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველ ბავშვებს მას შემდეგ, რაც მშობლიურ ენაზე განათლების უფლება ჩამოართვეს, სოხუმის დაცემის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა აიძულეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში 25 სექტემბერს სოხუმის დაცემა და 30 სექტემბერს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” აღნიშნეს, ხოლო 27 სექტემბერს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სოხუმის დაცემის დღის აღსანიშნად და აფხაზეთის ომის მსხვერპლების პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
სოხუმის დაცემა 1992-93 წლებში საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ბოლო ფაზას წარმოადგენდა. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას რამდენჯერმე მიაღწიეს, მაგრამ რუსეთმა და რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს. მას შემდეგ რაც, 27 ივლისის სოჭის შეთანხმების მიხედვით, ქართული ძალების უმეტესი კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი იყო, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისების ძალებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა რუსეთიდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, სოხუმზე იერიში მიიტანეს და მძიმე ბრძოლის შემდეგ მსუბუქად შეიარაღებული ქართული ძალები დაამარცხეს. ქალაქის აღებას მასობრივი მკვლელობები მოჰყვა, მათ შორის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების და, ასევე, აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა.
|
|
|
|
არჩევნების დღეს ენგურის ხიდი დაიკეტა
|
|
|
|
2 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა, ენგურის ხიდი - ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ე.წ. გამშვები პუნქტი, ცალმხრივად ჩაიკეტა. ადგილობრივების თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეებს გადასვლა შეეძლოთ, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდისკენ ე.წ. გამშვები პუნქტის გავლას ვერ ახერხებდნენ. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ე.წ. საზღვარი ორი ოქტომბრის დილიდან აფხაზური მხარის მიერ გაურკვეველი მიზეზებით ცალმხრივად ჩაიკეტა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნების დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ათასობით ქართველს ხმის მიცემის უფლების რეალიზებაში ხელს უშლის.
|
|
|
|
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა
|
|
|
|
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მიხედვით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ერგნეთთან ახლოს საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. სუს-მა განაცხადა, რომ დაკავების მომენტიდან გააქტიურდა „ცხელი ხაზი” და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ინფორმაცია მიეწოდათ. სუს-ის თანახმად, უკანონო დაკავებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას აუარესებს. სუს-მა უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა. მოგვიანებით, ერთი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაკავების პროცესში დაშავდა, გათავისუფლდა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
|
|
|
|
“მითების დეტექტორმა” 13 ფეისბუქ ანგარიში გამოავლინა, რომლებიც რეგიონულ მედიად პოზიციონირებდნენ, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი კამპანიით იყვნენ დაკავებული. ოთხი მათგანი არჩვენებამდე რამდენიმე თვით ან კვირით ადრე შეიქმნა. მიგნებები იხილეთ აქ.
საარჩევნო კვირაში სოციალურ ქსელში შემდეგი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა:
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას მხარდამჭერმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა გაყალბებული კვლევა, რომელზეც ამტკიცებდა, რომ გამოკითხვები პარტია “ქართული ოცნების” მიერ იყო ჩატარებული. კვლევის მიხედვით, გახარიას პარტიას ყველაზე მაღალი შედეგები ჰქონდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა პირად ფეისბუქ ანგარიშზე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქართველი ემიგრანტები საფრანგეთში, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში შეიკრიბნენ და საქართველოში დაბრუნებასა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავდნენ. ამ უკანასკნელმა დააანონსა, რომ 8 წლის შემდეგ უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდოდა. გავრცელებულ პოსტს თან ერთვოდა 2016 წლის ფოტო, რომელიც ასახავდა ფრანგ ოლიმპიელებს და არა ქართველ ემიგრანტებს.
ფეისბუქ გვერდმა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმიტაციას ახდენდა, ორი დეზინფორმაცია გამოაქვეყნა: ცესკოს თავჯდომარის გაყალბებული ბრძანება და ყალბი მტკიცება, თითქოს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ზვიად კუპრავა ცესკოს მიერ 70 000 ლარის ვაზელინის შეძენას აპროტესტებდა.
მმართველი პარტია “ქართული ოცნების” აქტიურად მხარდამჭერმა ფეისბუქ გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელიას გამოსვლის მოჭრილი ვიდეო, რაზეც “ლიდერი 41” ამტკიცებდა, რომ მელია დმანისის მოსახლეობას ძალადობისკენ მოუწოდებდა. რეალურად, მელიამ ახსენა, თუ როგორ იყენებს მმართველი პარტია ძალადობრივ მეთოდებს ოპონენტების გასაჩუმებლად. მელიას გამოსვლაში ძალადობისკენ მოწოდება არ ყოფილა.
არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს, ყველაზე მნიშვნელოვან შემთხვევებს წარმოადგენდა ორი გაყალბებული კვლევა IPSOS-ისა და Edison Research-ის სახელით. ფეისბუქ გვერდები, რომლებმაც გამოკითხვის შედეგები გაავრცელეს, ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
|
|
|
|
საქართველოს მთავრობა ევროპულ დახმარებაზე მეტად უპირატესობას აზიურ ვალებს ანიჭებს
|
|
|
|
21 სექტემბერს, აზიის განვითარების ბანკმა (ADB), რომელიც ჩინეთის ფართო გავლენების ქვეშ იმყოფება, ოფიციალურად განაცხადა, რომ ის საქართველოს მთავრობას 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის გაძლიერებას. 24 სექტემბერს, ADB–მ უკვე დაამტკიცა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს ვაქცინაციის პროგრამების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება. ADB–ის ვალის დამტკიცებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს დახმარების აღებისგან საჯაროდ შეიკავა თავი. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან დამატებითი დახმარება არ იყო საჭირო. უფრო მეტიც, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ქვეშ მყოფი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), 184,706 მილიონი აშშ დოლარის ვალის ოდენობით, არის საქართველოს რიგით მეორე კრედიტორი ADB–ის შემდეგ. მაშ, რატომ იღებს საქართველოს ხელისუფლება ვალს აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან მაშინ, როდესაც მათი მომსახურება ევროკავშირთან შედარებით ორჯერ ძვირია?
ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების ლიდერების აზრით, საფუძველს მოკლებული მიზეზებისდა გამო ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა და აზიური ვალების დამტკიცება იმაზე მეტყველებს, რომმმართველმა პარტიამ გადაუხვია ქვეყნის ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურსს. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩინეთის კომპანიებისთვის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მინიჭების გარდა, ჩინეთის სახელმწიფო არაპირდაპირი გზით (სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით) ხდება საქართველოს მთავარი კრედიტორი. უფრო მეტიც, მომდევნო წლის საბიუჯეტო დოკუმენტის თანახმად, 2022 წლისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს3.1 მილიარდი ლარის ოდენობის ახალი საგარეო ვალის აღებას, რომლის უმეტესობას ADB უზრუნველყოფს. ეს გარემოება ეწინააღმდეგება მთავრობის წინა განცხადებას საქართველოს საგარეო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
29 სექტემბერს, სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა China Watch-ის რიგით მეშვიდე ანგარიში, რომელიც ეხება ჩინურ კომპანია "China Road and Bridge Corporation" (CRBC) - ის საქმიანობას საქართველოში, შრომის უფლებებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლენილ სკანდალურ პრაქტიკას. ეს კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ორი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს. საქართველოში არსებული სხვა ჩინური კომპანიების მსგავსად, 2009 წელს, ეს ჩინური კომპანიაც მსოფლიო ბანკმა შავ სიაში შეიყვანა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა რვა წლით აუკრძალა. საქართველოში CRBC-ის გადაცდომები ძირითადად უკავშირდება შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივი მუშების ჯანმრთელობას. China Road and Bridge Corporation-ის სადავო საქმიანობა ასევე შეინიშნება კენიაში, უგანდაში, ყირგიზეთში, ხორვატიასა და უკრაინაში. თუმცა, მიუხედავად სხვა ქვეყნებში არსებული გადაცდომებისა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან და მათთან ახალ კონტრაქტებს აფორმებს.
|
|
|
|
მედიის განვითარების ფონდმა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აანალიზებს თუ რამდენად ახდენს გავლენას საბიუჯეტო დაფინანსება მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე. ანგარიში ასახავს ანტიდასავლურ მედიებთან საბიუჯეტო კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკას. მიგნებები იხილეთ აქ.
|
|
|
|
მედიის განვითარების ფონდმა ინტერნიუსის მხარდაჭერით კონფლიქტების გაშუქების თემაზე აზერბაიჯანულ და სომხურენოვან რეგიონულ მედიაში პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მიგნებები ეფუძნება 20 ადგილობრივი აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მედიების ყოველდღიური მონიტორინგის რაოდენობრივ ანალიზსა და სპეციფიკური რუსულ და ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშების თვისებრივ მონაცემებს. კვლევა ხელმისაწვდომია აქ.
|
|
|
|
მედიის განვითარების ფონდმა ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. ძირითადი მიგნებების თანახმად, ანტიდასავლური გზავნილები 2019 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა, მათ შორის ანტი-ამერიკული გზავნილების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო. დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც კრემლისტურმა პარტიამ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” წამოიწყო, ამერიკული ორგანიზაციების NDI-იდ და IRI-ს წინააღმდეგ იყო მიმართული. ანალიზმა აჩვენა, რომ გაიზარდა ისეთი განცხადებების რიცხვიც, სადაც რუსეთი წარმოდგენილია, როგორც ერთადერთი ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ანგარიში მომზადებულია საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში.
|
|
|
|
14 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელშიც 1,126 საჯარო პოსტი მოხვდა 2-22 აგვისტოს პერიოდიდან. ISFED-ის განცხადებით მათ მოახდინეს არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული 263 Facebook გვერდის იდენტიფიცირება. ამას გარდა, კვლევის ეტაპზე გამოვლინდა 12 ყალბი მედია გვერდი, რომელთა უმრავლესობა “ქართულ ოცნებას”, ერთი გვერდია გიორგი გახარიას და ერთიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს.
|
|
|
|
29 სექტემბერს, 18:00-ზე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია გამართავს ონლაინ შეხვედრას „ევროპული ღირებულებების ცენტრის“ უფროს მკვლევარ დევიდ სტულიკთან. შეხვედრის თემას წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეებისა და გავლენის ოპერაციების ანალიზი აღმოსავლეთ ევროპაში. შეხვედრაზე განხილული იქნება ჩეხეთის და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება რუსულ გავლენებთან ბრძოლის კუთხით. რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს!
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|