|
მიმდინარე გამოცემის თემები
- რუსეთის სამხედრო დანაშაული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
- ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან.
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ: სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო
|
|
|
|
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან თითქმის 13 წლის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ომის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლი დაარღვია.
საქართველომ სასამართლოში სარჩელი 2008 წლის 11 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით რუსეთთან სამშვიდო შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე წარადგინა. წარდგენილ სარჩელში, თბილისი რუსეთს ბრალს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში სდებდა, საიდანაც სასამართლომ ექვს მუხლში რუსეთის ბრალეულობა დაადგინა: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); საკუთრების დაცვა (პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ სახელმწიფოთაშორის დავაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რომელმაც ომის აქტიური ფაზა დაასრულა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში, რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდებოდა.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიღმა მდებარე „ბუფერულ ზონაზე“ „ეფექტურ კონტროლს“ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, ანუ აღნიშნული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანამდე, ახორციელებდა.
თუმცა, სასამართლოს დადგენილებით, საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის მიმდინარეობისას (2008 წლის 8-12 აგვისტო), ამ ტერიტორიებზე რუსეთის იურისდიქცია არ არსებობდა, რადგან შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტის მიმდინარეობისას, რომელიც მოიცავს სამხედრო ოპერაციებს, რომელიმე მხარის მიერ ტერიტორიების „ეფექტურ კონტროლზე“ საუბარი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქართველოს სარჩელის ის ნაწილი, რომელიც 8-12 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას რუსეთს მიანიჭებდა, არ გაიზიარა. დიდი პალატის ექვსმა წევრმა, კერძოდ, მოსამართლეებმა: გროზევმა, იუდკივსკამ, პინტო დე ალბუკერკემ, ჭანტურიამ, ვოიტიჩეკმა და ლემენსმა, 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე, უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს და დაასაბუთეს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარ მოვლენებზე რუსეთის იურისდიქციის დადგენა შესაძლებელი იყო.
საქართველო მზადაა განაგრძოს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც, განიხილება როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), ისევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC).
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საქართველოს მხარეს:
დაიღუპა 412 ადამიანი – მათ შორის 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი პირი
დაიჭრა 2,232 ადამიანი – მათ შორის, 1045 სამხედრო და 1,187 მშვიდობიანი პირი
დაიღუპა 3 და დაშავდა 6 ჟურნალისტი
26,000 ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა – ომამდე სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების რიცხვი 30,000-დან 4000-მდე შემცირდა - ჯამში რეგიონიდან ეთნიკური ქართველების 86%-ი გამოიდევნა.
35,000 სახლი დაიწვა, დაინგრა და განადგურდა
2008 წლის ომიდან დღემდე კიდევ 125 სოფელი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ
|
|
|
|
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის... ისევ
|
|
|
|
11 იანვარს, ქართული ოცნების დამფუძნებელმა და თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოების ვრცელი წერილით მიმართა და მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აცნობა.
„ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები“ - ვკითხულობთ წერილის შესავალ ნაწილში. ივანიშვილის განმარტებით, მის პოლიტიკაში მოსვლას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: სააკაშვილის „ძალადობრივი და არადემოკრატიული რეჟიმის“ დასრულება და ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებლად სვლის უზრუნველყოფა. ივანიშვილს სწამს რომ ორივე ეს მიზანი შესრულებულია და მიღწეულ შედეგებს საფრთხე არ ემუქრება. ამას გარდა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა პოლიტიკიდან წასვლის პერსონალურ მოტივებსაც, მისი ასაკიდან გამომდინარე (რამდენიმე კვირაში 65 წლის ხდება), მას სურს ოჯახთან მეტი დროის გატარება და პირად ცხოვრებაზე ზრუნვა.
უნდა აღინიშნოს რომ ეს ივანიშვილის პოლიტიკიდან პირველი წასვლა არ გახლავთ. მან პირველად პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2013 წელს განაცხადა (ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებიდან ერთი წლის თავზე) და უკან დაბრუნების ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხა. თუმცა, პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირების და პარტიის დაშლის საფრთხის თავიდან აცილების მოტივით, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, თავდაპირველად არაფორმალური და შემდეგ ფორმალური სტატუსით (პარტიის თავჯდომარე).
ივანიშვილის პოლიტიკიდან და მმართველი პარტიიდან წასვლა განსაკურებით რეზონანსულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, უარს აცხადებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. ასეთ დროს, „ჭარბი საზოგადოებრივი ნდობის“ (როგორც თავად ივანიშვილი აღნიშნავს ხოლმე) მქონე ლიდერის მიერ მმართველი პარტიის თავჯდომარის პოსტის დატოვება და პოლიტიკიდან წასვლამ, შესაძლოა არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავოს. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, თუ რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა ახლა და როგორ აისახება მისი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასა“ და ზოგადად ქართულ პოლიტიკაზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს რაიმე სახით კავშირის შენარჩუნებას „ქართულ ოცნებასთან“: „მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის… პოლიტიკურ თემებზე მათ ძალიან კარგად იციან და თვითონაც ამას შეასრულებენ, არ დამირეკავენ, არცერთნაირი კრიტიკა მათი ჩემგან არ მოხდება, არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა“. ივანიშვილმა ასევე განმარტა თუ ამჯერად რატომ აღარ დაბრუნდება პარტიაში (პოლიტიკაში) „ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს და მე შემოვბრუნდე, ეს გაუგებარი იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღაზე მივდივარ? თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორედ ვერ გავაკეთე და თუ სწორედ ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო? მარტივი თემაა - ე.ი. ვერ გავაკეთე კარგად“.
მას შემდეგ რაც ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა რომ მიდის პოლიტიკიდან და წყვეტს ყველანაირ კავშირს მის ყოფილ პარტიასთან, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ახალი თავჯდომარის პოსტზე ერთხმად აირჩია ირაკლი კობახიძე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პარტიის პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება თავჯდომარის პოსტზე თავად ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის (რომელიც თავად პარტიის შიგნითაც კი არ სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით და NDI-ს გამოკითხვების მიხედვით საკმაოდ დაბალი ელექტორატული მხარდაჭერა გააჩნია) ერთხმად და უკონკურენტოდ არჩევა აღმოჩნდა. კობახიძემ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ხელქვეითია და შესაბამისად, მსგავსი კანდიდატის პარტიის თავჯდომარედ დატოვება სერიოზულ კითხვებს აჩენს ივანიშვილის პარტიული გავლენებისგან სრული დისტანცირების შესახებ.
ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და ექსპერტულ წრეებში ბევრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ (იმ დაშვებით, რომ ის ნამდვილად და საბოლოოდ მიდის პოლიტიკიდან), მაშინ, როდესაც სწორედ ის გახლდათ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძირითადი ელექტორატული მიზიდულობის ცენტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის კრიზისი შეუქმნას.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
ანტი-თურქული მანიპულაცია: მცდარი ციტატა და მცდარი ინტერპრეტაცია. გაზეთმა ასავალ-დასავალმა 11-17 იანვრის ნომერში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ყარსის ხელშეკრულება საქართველოსთვის აჭარის დაკარგვის საფრთხედ შეფასდა. სტატიის ავტორის განმარტებით, ხელშეკრულების კონკრეტული მუხლში წერია, რომ ბათუმის მოსახლეობას შეუძლია “მათი რელიგიური უფლებების შესაბამისი აგრარული სისტემა ჩამოაყალიბონ”, შესაბამისად, ავტორის თქმით, მათ შესაძლოა თურქული კანონმდებლობით დადგენილი წესების ამოქმედება მოითხოვონ. გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილია პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის და ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავჯდომარის დამახინჯებული ციტატა და ასევე გაზვიადებულია იმ ეთნიკური თურქების რაოდენობა, ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. სტატიაში მოყვანილი დეზინფორმაციის გაქარწყლება იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში.
|
|
|
|
“ქართული ოცნების” ახალი თავჯდომარის დამახინჯებული ციტატა. 11 იანვარს ხელახლა გავრცელდა ფეისბუქ გვერდ “ლიბერასტული სენის” ძველი პოსტი, რომელშიც პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარის ირაკლი კობახიძის ფოტოზე შემდეგი ციტატა ეწერა: “მე არ ვიცი, რას ნიშნავს ტრადიციული ღირებულებები, ამაზე საუბარი სახიფათოა./ი.კობახიძე/”. რეალურად, კობახიძემ ეროვნული ღირებულებების კონსტიტუციაში ჩაწერის პრობლემაზე ისაუბრა და არა ზოგადად ტრადიციულ ღირებულებებზე, ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა. პოსტის ორიგინალი 2020 წლის 1 ივლისს არის გამოქვეყნებული და ის თავიდან გადაზიარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარის პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილს ჩაანაცვლებდა
|
|
|
|
ცრუ ინფორმაცია ბაიდენის მიერ სააკაშვილის მხარდაჭერაზე. 14 იანვარს ონლაინ გამოცემა publishers.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც პარტია “ენმ-ის” მხარდამჭერის ფეისბუქ პოსტზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოითხოვა. პოსტს თან ერთვოდა ბაიდენისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ფოტოები. “მითების დეტექტორმა” გამოავლინა, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე გრეგორი მიკსმა მართლაც ისაუბრა საქართველოში თავისუფალი არჩევნების საჭიროებაზე, თუმცა მას არც სააკაშვილი და არც “ენმ” არ უხსენებია.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის ეფექტურობის შესახებ
|
|
|
|
9 იანვარს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ Formula News-თან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შემოიტანოს დასავლეთში ფართოდ გამოყენებული ვაქცინები "Pfizer" და "Moderna" მათთვის დამახასიათებელი რთული ლოჯისტიკის გამო. მისი განმარტებით, საუბარი იყო ბრიტანული "AstraZeneca"-ს და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ჩინური ვაქცინების რეიტინგი საკმაოდ მაღალია მთელ მსოფლიოში და რადგან ეს ვირუსი სწორედ ჩინეთში წარმოიშვა, ჩინელებმა უკეთ იციან მისი სტრუქტურა და მახასიათებლები.
თუმცა, სხვა ქვეყნების პრეცედენტები და საერთაშორისო კვლევები ადასტურებს ორი ცნობილი ჩინური ვაქცინის ”სინოვაკისა” და ”სინოფარმის” არაეფექტურობას. სინოფარმი ეკუთვნის ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიას, რომელიც ბუნდოვან კლინიკურ კვლევებს ატარებს. მას დღემდე არ გაუსაჯაროვებია ვაქცინის კვლევის მესამე ფაზის შედეგები და შესაბამისად, დაბლოკილია სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება სინოვაკს, ბრაზილიის მაგალითის მიხედვით, ის იმაზე ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე იყო დაანონსებული.
ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ისეთი დეტალების გამჟღავნებაზე, თუ რა წყაროების მეშვეობით და რომელი ვაქცინების იმპორტირებას აპირებს საქართველოში.
|
|
|
|
ვასილ მაღლაფერიძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
|
|
|
|
16 იანვარს, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ და პოლიტიკური საბჭოს წევრად დაინიშნა. საზოგადოებრივ მაუწყებელში ყოფნის დროს, ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა იგი კორუფციულ გარიგებებსა და ისეთ საეჭვო საქმიანობაში ამხილეს, როგორიცაა ჟურნალისტების უკონკურსო დანიშვნა, სადავო ტენდერები, მთავრობისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, ბუნდოვანი რეფორმები, ევროპული ბიუროს გაუქმება, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა და ა.შ. საზმაუს დატოვების შემდეგ, მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ის იმუშავებდა საგანმანათლებლო პროექტებზე და არასდროს დააპირებდა აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ორგანოებში რაიმე თანამდებობის დაკავებას. მიუხედავად ამისა, ბატონი მაღლაფერიძე დათანხმდა „ქართული ოცნების“ ლიდერების შემოთავაზებას და დასძინა, რომ მისი მთავარი ფუნქცია „პარტიის მუშაობის ორგანიზება და მისი სტრუქტურების გაძლიერება“ იქნება.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრმა (EVC), ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევების ლაბორატორიასთან (DFRLab), სამოქალაქო იდეასთან (CI), საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან (GRASS) და მედიის განვითარების ფონდთან (MDF) თანამშრომლობით, გამოაქვეყნა კვლევა: “საქართველოში საგარეო გავლენების ანალიზი”. ანგარიში საქართველოში უცხო ქვეყნების გავლენას აღწერს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სახელმწიფო ინსტიტუტები, არასამთავრობო სექტორი, მედია, პოლიტიკური პარტიები და ეკლესია. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია გამოკვეთოს პრობლემების ფართო სპექტრი, უცხოეთიდან განხორციელებული ან დაფინანსებული კამპანიები და აქტივობები. აღნიშნული მოიცავს როგორც პოლიტიკურ ზეგავლენას, ისე პოლიტიკური მიზნების მქონე კაპიტალის ნაკადების შემოდინებას.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში - 2020 წელს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმოხილვა გამოაქვეყნა. სტატია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკური კრიზისი და “პრეზიდენტის” გადადგომა; ვადამდელი “არჩევნები” და ახალი “პრეზიდენტი”; კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ან გამწვავებული გამოწვევები; ენერგეტიკული კრიზისი და კრიპტოვალუტის საკითხები; დე-ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას ვიზიტი რუსეთში და შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან; რუსეთთან აფხაზეთის ინტეგრაციის გაღრმავებასთან დაკავშირებული შეთანხმება; დე-ფაქტო პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისგან თბილისთან მოლაპარაკების ახალი შესაძლო ფორმატის შესახებ მესიჯები. ამასთან, ავტორი აფხაზეთში 2021 წლის მოვლენებთან დაკავშირებით პროგნოზსაც გვთავაზობს.
|
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) პუბლიკაციების სერიის - „ჩინეთის აქტივობები სამხრეთ კავკასიაში” - მეექვსე და მეშვიდე გამოცემები გამოაქვეყნა. ისინი ჩინეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ორმხირივი პოლიტიკური ურთიერთობების, გაღრმავებული ეკონომიკური და კულტურული კავშირების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო საქართველოში პოლონეთის ელჩის მიერ ევროკავშირის დაფინანსების გამოყენებით საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის საჯარო კრიტიკა, რითაც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ტენდერში ჩინური კომპანიების გამარჯვებას გამოეხმაურა. სრული გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ აქდა აქ.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|