View in browser
I-ლი გამოცემა
2020 წლის 8-22 მაისი;

ძვირფასო მკითხველებო, ძვირფასო მეგობრებო,

თქვენ მიიღეთ “Georgia Watch Briefing” (საქართველოს გუშაგი) პირველი გამოცემა, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაცია „ევროპული ღირებულებების“, თქვენთვის შესაძლოა უკვე ნაცნობი პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.

ამ ბიულეტენის (გამოიცემა ყოველ ორ კვირაში ერთხელ) ძირითადი ამოცანაა მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და სამოქალაქო სექტორის აქტივობების შესახებ, რაც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება.

ბიულეტენს ვამზადებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab). 

ვიმედოვნებთ, რომ მოწოდებული მასალა საინტერესო იქნება თქვენთვის და გამოიწერთ ჩვენს ბიულეტენს. ასევე, მივესალმებით ნებისმიერ რჩევასა და შეფასებას თქვენგან!

პატივისცემით,

სარედაქტორო ჯგუფი

გამოწერა

მიმდინარე გამოცემის თემები

  • „პოლიტიკის უახლესი მოვლენები“ - მიმოიხილავს დაუსრულებელ ისტერიას ლუგარის ლაბორატორიის მისამართით;
  • „დეზინფორმაციის მონიტორინგი“ - წარმოდგენილი იქნება Covid-19-თან დაკავშირებული ისტორიების რამდენიმე მაგალითი;
  • „გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა“ - ორიენტირებულია „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებულ ისტორიაზე საქართველოში დაფუძნებული ჰაკერებზე, რომლებიც აშანტაჟებდნენ ბრიტანელ მაღალჩინოსნებს;
  • „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები“ - წარმოაჩენს სამი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გამოძიებას Facebook-ის მიერ ბოლო ხანებში წაშლილი ანგარიშების შესახებ.

პოლიტიკის უახლესი მოვლენები

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - უწყვეტი პროპაგანდის სამიზნე

წლების განმავლობაში, რუსულ მედიაში ცირკულირებდა კონსპირაციული მოსაზრებები ამერიკის ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - მათ შორის, ყურადღების ცენტრში მუდმივად იყო ლუგარის ცენტრი. მოგვიანებით, რუსულმა და ჩინურმა დეზინფორმაციულმა მანქანებმა ლუგარის ცენტრი დააკავშირეს კორონავირუსთან და გაავრცელეს სხვადასხვა ბრალდება მის მიმართ.

გახსნიდან (2011 წელი) მოყოლებული, ლუგარის ცენტრი მუდმივად იყო რუსეთის საინფორმაციო ომის სამიზნე (ბოლო ხანებში ჩინეთიც შეუერთდა ამ ტრენდს). წლების განმავლობაში, რუსული მედია და პოლიტიკოსები ადანაშაულებდნენ ლუგარის ლაბორატორიას ისეთი დაუჯერებელი ბრალდებებით, როგორებიცაა: რუსეთში H1N1 ვირუსის გავრცელება, მწერების განზრახ დაინფიცირება ზინკა ვირუსით და შემდეგ მათი გაშვება რუსეთში, საშიშ პათოგენებზე მუშაობა და ტესტირებები საქართველოს მოსახლეობაზე. 2018 წლის აპრილში, ბრიტანეთის მიერ რუსეთის სოლსბერის თავდასხმაში ღიად დადანაშაულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ისაუბრა „პენტაგონის მსხვილმასშტაბიან სამედიცინო-ბიოლოგიურ აქტივობებზე რუსეთის საზღვრებთან“, რამაც წარმოშვა ბრალდებები რუსულ მედიაში სკრიპალის საქმეში გამოყენებული ნერვული აგენტის (ე.წ ნოვიჩოკი) შესაძლო ქართული წარმომავლობის შესახებ (ლუგარის ლაბორატორიიდან). თავად პუტინმაც კი, ვალდაის კლუბის ერთ-ერთ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ „ეს კვლევები (ლუგარის ლაბორატორიაში) წარმოადგენს გენეტიკის დარგის უახლესი მიღწევების გამოყენებით ისეთი წამლების შექმნის მცდელობას, რომლის საშუალებითაც ზემოქმედებას მოახდენენ ადამიანებზე მათი ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე“.

2020 წლის, 17 აპრილის ბრიფინგზე, ზახაროვა კვლავ დაესხა თავს ლუგარის ლაბორატორიას და ამერიკელები დაადანაშაულა ექსპერიმენტული საქმიანობის გაფართოების მცდელობაში.

რაც შეეხება ჩინეთს, 29 აპრილს, ჩინურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გენგ შუანგის, ბრალდება აშშ-ს მიერ დაფინანსებული იმ ბიო-ლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც განთავსებულია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. მისი რუსი კოლეგების მხრიდან გამოხატული შეშფოთების შემდეგ, გენგმა აშშ-ს მთავრობა ლაბორატორიების უსაფრთხოებისა და ფუნქციონალურობის ცდომილებაში დაადანაშაულა. მან არ დაასახელა კონკრეტული ბიოლოგიური ცენტრები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან ყურადღება ვიწრო გეოგრაფიულ მასშტაბზე გაამახვილა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრალდება ანალოგიურად იყო მიმართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ცენტრის ეფექტური მუშაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, როდესაც მოახერხეს ვირუსის სწრაფად დადგენა, გამჭვირვალედ მკურნალობა და მისი ქვეყნის მასშტაბით გავრცელების თავიდან აცილება.

2 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში ჩინეთის ელჩს ლი იანს, სადაც განიხილეს აშშ-ს მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრალდებები. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური ჩინეთი აფასებს ლაბორატორიის ეფექტურ მუშაობას პანდემიის დროს, ხოლო ადგილობრივ (ჩინურ) მედიას კი მსოფლიო შეცდომაში შეყავს. ქართულ-ჩინური მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მექანიზმის ხშირი სამიზნეა, და რომ ჩინეთი არ გახდება მსგავსი პოლიტიკის მონაწილე.

ქვეყნის შიგნით არსებული პრო-რუსული მედია საშუალებებიც აქტიურად იმეორებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. თავის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში 4 მაისს, საქინფორმმა გაავრცელა ინტერვიუ მის მთავარ რედაქტორთან ანრო ხიდირბეგიშვილთან, სადაც ის აღნიშნავს რომ ლუგარის ლაბორატორია სინამდვილეში არის ამერიკის სახმელეთო ძალების საიდუმლო იარაღი და რომ მისი ქართული მფლობელობა არის ფიქტიური.

    დეზინფორმაციის მონიტორინგი

    COVID-19-თან დაკავშირებული ყალბი ამბები

    ამერიკელები წამლებს ქართველებზე ცდიან. კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია გილეადის წარმოებული ექსპერიმენტული წამლის Remdesivir-ის შესახებ დაწერილი News-Front-ის სტატია აშშ-ს საქართველოს მოქალაქეებზე ექსპერიმენტების წარმოებაში ადანაშაულებს. გამოცემა მიანიშნებს, რომ იმავე კომპანიის მიერ წარმოებული და აშშ-ს ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის C ჰეპატიტის სამკურნალოდ გადმოცემული პრეპარატი Sovaldi, საშიშია. პირველად სოვალდის შესახებ კონსპირაციის თეორიები საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გაავრცელა და მას ვალდიმირ პუტინიც შეუერთდა. საინტერესოა, რომ სოვალდი რუსეთის ფედერაციაში 2016 წლიდან არის რეგისტრებული ხოლო 2019 წელს ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაში შეიყვანეს.

      COVID-19 სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს აუარესებს. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ და არაერთი ყალბი ინფორმაციის ავტორმა ნიკოლოზ მჟავანაძემ წამროუდგენელი კონსპირაციის თეორია გააჟღერა, რომლის თანახმადაც ახლახან მარნეულში კარანტინით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის გასაპროტესტებლად გამართული დემონსტრაციები აზერბაიჯანული გეგმის ნაწილია, რომელიც უახლოეს მომავალში ქვემო ქართლის ოკუპაციას ითვალისწინებს.

        სოციალიზმი COVID-19-ის წინააღმდეგ უფრო ეფექტურია. 29 აპრილს sputnik-ossetia-მ საყვედური იმ ქვეყნების მიმართ გამოთქვა, რომლებსაც ფასიანი ჯანდაცვის სისტემა აქვთ და განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებშიც უფასო სამედიცინო სისტემა მოქმედებს, მაგალითად რუსეთი, პანდემიასთან ბრძოლაში უფრო ეფექტურია. კრემლისტური მედიის ტელეკომპანია ობიექტივის წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ იგივე ნარატივი გააჟღერა და რუსეთი ვირუსთან სოციალისტური მეთოდით ბრძოლისათვის - პაციენტების უფასოდ მკურნალობისათვის შეაქო.

        COVID-19 მსოფლიო დღის წესრიგს ცვლის. რუსულ ვებ-გვერდ fondsk.ru-ზე დაყრდნობით Geworld.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი მსოფლიოს ცვლის. სტატიის თანახმად, პაქსამერიკანას, ნატოს და ევროკავშირის დრო წასულია და კორონავირუსი უფრო სანდო აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. სტატიის ავტორი გვიამბობს გერმანიიდან და პოლონეთიდან გამოძევებული უკრაინის მოქალაქეების ისტორიას, რომლებმაც რამდენიმე საზღვარზე გაათენეს.

        კორონავირუსის გავრცელება ადამიანის რასაზეა დამოკიდებული. Sputnik Georgia-ს სტატიის სათაურმა “COVID-19-ით სიკვდილიანობა შესაძლოა ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირდებოდეს: ბრიტანული კვლევა” მკითხველები შეცდომაში შეიყვანა და აფიქრებინა, რომ ვირუსი მხოლოდ კონკრეტული რასის ადამიანებს აზიანებს. სინამდვილეში, სტატიაში მოყვანილი კვლევის ავტორებმა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში სიკვდილიანობის განსხვავებული მაჩვენებელი ეკნონომიკური და სოციალური ფაქტორებით ახსნეს.

        კონსპირაციის თეორიები COVID-19-სა და 5G-ს შორის კავშირზე საქართველოში

        სოციალურ მედიაში ათასობით ქართველი განიხილავს შეთქმულების თეორიას 5G ტექნოლოგიასა და კორონავირუსს შორის სავარაუდო კავშირის შესახებ. თეორიები, თითქოს მობილურმა ტექნოლოგიამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას, უკვე წლებია ვრცელდება. The New York Times-ის შარშანდელი კვლევის მიხედვით, რუსული დეზინფორმაციის კამპანია 5G-ის საფრთხის შესახებ ცდილობდა შიშის დათესვას. მაშინ მსგავსი დისკუსიები, დიდწილად, ფართო განხილვის საგანს არ წარმოაგენდა. თუმცა, COVID-19–ის პანდემიის შედეგად გამოწვეულმა მზარდმა შფოთვამ და დაბნეულობამ, ამ შეთქმულებების გასავრცელებლად ნოყიერი ნიადაგი შექმნა.

        ცნობილი ადამიანები, რომელთაც მილიონობით მიმდევარი ყავთ, 5G-ის შეთქმულების თეორიის გავრცელებაში ამ წლის მარტიდან ჩაერთნენ. ცრუ და შეცდომაში შემყვანმა განცხადებებმა მატერიალური ზარალი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, შეთქმულების თეორიის გავრცელების შედეგად, მოქალაქეებმა ანძებს ცეცხლი წაუკიდეს. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ნიდერლანდებსა და ბელგიაში.

        აღნიშნულ კონსპირაციასთან Facebook-ის და YouTube-ის ბრძოლის მცდელობების მიუხედავად, 5G-ის შეთქმულების თეორია ონლაინ სფეროში მაინც ვრცელდება.

        საქართველოში 5G-კორონავირუსის შეთქმულების უმეტესობა ვრცელდება და განიხილება ფართომასშტაბიან ქართულ ფეისბუქ ჯგუფში, სახელწოდებით "STOP 5G GEORGIA !!!", რომელიც 2020 წლის 7 აპრილს შეიქმნა და უკვე 21 000 წევრი ჰყავს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯგუფი სწრაფად გაფართოვდა. აპრილის ბოლოს, ჯგუფში გაზიარებულ ინფორმაციასთან ადამიანების ინტერაქცია და  ჩართულობა 126,000-ს უახლოვდებოდა. ჯგუფში აქტიურად ზიარდება ამბები სხვადასხვა ქვეყანაში ანძებისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ და მხარდაჭერა გამოიხატება მსგავსი საქციელის ჩამდენების მიმართ. ჯგუფის ადმინისტრატორები ცდილობენ ხალხის მობილიზებას, მეტი წევრის მიზიდვას და საქართველოში 5G–ის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებას.

        5G-კორონავირუსის შეთქმულების თეორია იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ონლაინ დეზინფორმაციამ მატერიალური ზიანი გამოიწვიოს. ვრცლად წაიკითხეთ DFRLab-ის კვლევაში.

        გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა

        ირაკლი სესიაშვილმა "Daily Mail" "ყალბი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა

        9 მაისს, ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა "Daily Mail" გამოაქვეყნა სტატია საქართველოში ჰაკერების ჯგუფთან დაკავშირებით (რომელიც კრემლსა და რუსეთის სადაზვერვო უწყებებთანაა დაკავშირებული), რომელთა წყალობითაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა ბრიტანული ლაბორატორიების მიერ COVID-19-ზე ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ, და რომლის სანაცვლოდაც ბრიტანეთისგან 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

        პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ბრიტანული გაზეთი ”დაუდასტურებელი” მოხსენების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს ბრიტანელ კოლეგებთან, რომლებიც მხარში ედგნენ საქართველოს მაშინ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა მას. ამიტომ, როგორც იგი ამტკიცებდა, უკიდურესად წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ქართულ სპეცსამსახურებს გაპარვოდათ (ან არ შეემჩნიათ) ამ ტიპის ნებისმიერი ინფორმაცია.  ბ-ნ სესიაშვილმა გამოთქვა მტკიცე რწმენა, რომ საქართველოს არაფერი აქვს საერთო ამ ნეგატიურ მოვლენასთან.

        შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილად არ გააჩნიათ სათანადო მოვალეობრივი კვლევის უნარი და არ იცოდნენ რუსი კიბერ-კრიმინალების არსებობის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მოქმედი მაღალჩინოსნის, ირაკლი სესიაშვილის მხრიდან წამოსული დაუსაბუთებელი და ორაზროვანი ბრალდებები „Daily Mail“ - ის წინააღმდეგ, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მთავრობის გაცნობიერებული თანხმობა საქართველოს ტერიტორიაზე კრემლის კიბერ მაქინაციების მიმართ.

        სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები

        ატლანტიკური საბჭოს DFR Lab-მა აპრილში Facebook-ის მიერ წაშლილი ანგარიშების შესახებ დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა, რომელიც ესპერსონას, ქართულ ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირის (კოკა ყანდიაშვილის)  საკუთრებაში არსებულ მედიას უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ Facebook-მა ასევე წაშალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი.  Facebook-მა, ანგარიშების წაშლამდე, DFR Lab-ს ესპერსონასთან დაკავშირებულ 488 ანგარიშზე მისცა წვდომა. კვლევამ არაავთენტური გვერდები, ჯგუფები და რადიკალური საინფორმაციო სააგენტოები გამოავლინა, რომლებიც ესპერსონას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, წაიშალა Instagram-ის 43 ანგარიშიც, რომელიც აღნიშნულ ქსელთან იყო დაკავშირებული.

        სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 12 არაავთენტური ანგარიში გამოავლინა, რომლებიც სხვადასხვა Facebook ჯგუფში „ნიუსფრონტის“ მასალებს ავრცელებდნენ. Facebook-მა წაშალა როგორც აღნიშნული ანგარიშები, ასევე „ნიუსფრონტის“ გვერდის ადმინისტრატორის პირადი ანგარიში. აღნიშნული ანგარიშები პოლიტიკური პოლარიზაციის ხელშეწყობას ცდილობდნენ. ISFED-მა აღმოაჩინა, რომ არაავთენტური ანგარიშები, რომლებიც „ნიუსფრონტის“ მასალას ავრცელებდნენ, ასევე საპენსიო სააგენტოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდამჭერ კამპანიებში იყვნენ ჩართულნი. ISFED-ის ცნობით, Facebook-მა აგრეთვე წაშალა „სპუტნიკ საქართველოსთან“ დაკავშირებული Facebook-ის ანგარიშები და გვერდები.

        საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) რუსული მედიის, News-Front-ის ქართული ფილიალის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა News-Front-ის Facebook ექაუნთები წაშალა, GRASS-ის კვლევის მიხედვით, News-Front სოციალურ მედიაში ინფრასტრუქტურის აღდგენას ისევ ცდილობს. ამ მიზნით, აღნიშნული კრემლისტური მედია, News-Front-თან წარსულში კავშირში შემჩნეული პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციისა და გაზეთის Facebook ჯგუფებსა და გვერდებს იყენებს.

        გამოწერა

        ეს ბიულეტენი ნაწილია პროექტისა „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ“, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პროგრამა TRANSITION PROMOTION-ის ფარგლებში.

        facebook twitter
        European Values Center for Security Policy
        info@europeanvalues.net
        Unsubscribe