19 ნოემბერს, პატიმარი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 1-ელ ოქტომბერს საქართველოში უკანონოდ შემოსვლის შემდეგ დაკავებული სააკაშვილი, რომელსაც დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მისი შეფასებით, პოლიტიკურ დევნას აპროტესტებს.
მმართველი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ აქამდე რამდენჯერმე უარყო წინადადება სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით იმ ირაციონალური შიშის გამო, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ექს-პრეზიდენტს მსგავსი საავადმყოფოდან გაიტაცებდნენ. ამასთან, “ქართული ოცნების” ლიდერები აქამდე იმასაც ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი რეალურად არ შიმშილობდა და სინამდვილეში სხვადასხვა სახის საკვებს იღებდა. მსგავსი მტკიცებების გასამყარებლად, მთავრობამ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც, როგორც ჩანს, სააკაშვილი ციხის სამედიცინო პუნქტში საკვებ დანამატებს იღებს – აღნიშნული გავრცელებული პრაქტიკაა იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შიმშილობენ.
მტკიცება, რომ სააკაშვილმა, თითქოს, შიმშილობა დაარღვია, თავად “ქართული ოცნების” მიერ გაქარწყლდა, როდესაც 8 ნოემბერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი, “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით”, რუსთავის ციხიდან საავადმყოფოთი აღჭურვილ გლდანის ციხეში გადაიყვანეს, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი, ექიმები, ადვოკატები და სახალხო დამცველი ეწინააღმდეგებოდნენ. სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილებაზე კრიტიკის პასუხად, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტმა რუსთავის ციხე თავისი ნებით დატოვა. სააგენტომ Facebook-ზე ვიდეომასალაც კი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი იძულების გარეშე ტოვებს ციხეს. თუმცა, სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ის სინამდვილეში "მოტყუებით გადაიყვანეს" გლდანის ციხეში მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში სააკაშვილს უთხრეს, რომ მის გადაყვანას ქალაქის ჩვეულებრივ, სამოქალაქო კლინიკაში აპირებდნენ. მოგვიანებით, 11 ნოემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დამატებითი ვიდეოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ მათგანში ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანაში მჯდომი სააკაშვილი, რომელიც უარს ამბობს გლდანის ციხეში შესვლაზე და სასწრაფოდ რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. მეორე ვიდეოში კი ჩანს, როგორ მიათრევს სააკაშვილს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ექს-პრეზიდენტს ციხის კლინიკის პალატაში ათავსებენ.
ციხის კლინიკაში სააკაშვილისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა გუნდმა 17 ნოემბერს დაასკვნა, რომ “პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში”. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 ნოემბერს მნიშვნელოვანად გაუარესდა, რა დროსაც მან დროებით გონებაც დაკარგა და შედეგად ის ციხის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის სრულად აღჭურვილ საავადმყოფოში გადაყვანა არ სურდა, საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის გათვალისწინება ხელისუფლებას მაინც მოუხდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელინსკიმ, აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, მმართველ პარტიას მოუწოდეს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს „სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“ და ექს-პრეზიდენტის “უფლებების და შესაბამისი ლეგალური პროცესების დაცვა”. “Amnesty International”-მა სიტუაციის შეფასებისას აღნიშნა, რომ “ეს არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება” ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ევროპელი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და მოქმედი ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას და ლიეტუვას პარლამენტის წევრის (საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი) რაიმონდას ლოპატასგან შედგებოდა, უარი ეთქვათ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე. გამოთქმული მოსაზრებების და პოზიციების საპასუხოდ კი, ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დასავლელი პარტნიორების მისამართით, მწვავე კრიტიკა “არ დაიშურა”. “მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპი იქნება, რომ ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ,” განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის სახელმწიფო მედია სააკაშვილის დაკავებასა და მოპყრობას მხიარულებითა და აღტაცებით გამოეხმაურა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წარმოაჩინეს, როგორც ომის დამნაშავე, დასავლეთის აგენტი, რომელიც სამართლიანად არის დაკავებული საქართველოს მთავრობის მიერ. რუსული არხების მიერ მოვლენათა გაშუქება მკვეთრ კონტრასტში მოდის დასავლურ მედიებთან, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ სააკაშვილის მმართველობის ყველა ნაკლოვანების მიუხედავად, ქართული ოცნების მიერ ექს-პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობამ შესაძლოა სიტუაცია კრიტიკული გახადოს, საქართველო დასავლურ ოჯახს კიდევ უფრო დაშორდეს და კრემლის ორბიტისკენ გადაიწიოს.
|