10 აპრილი - 21 აპრილი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- პოლიტიკურმა პარტიებმა ევროკავშირის შემოთავაზებულ ახალ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს - პოლიტიკური კრიზისის დასასრული?
- ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა ჯგუფმა რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სრულად დამორჩილებისკენ მოუწოდა
- რუსეთის საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გადახედვას არ განიხილავს
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
- საქართველოს მთავრობამ ოთხჯერ მეტი გადაიხადა ვაქცინაში, რომლიც გამოყენებაც არ არის რეკომენდირებული
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
პოლიტიკურმა პარტიებმა ევროკავშირის შემოთავაზებულ ახალ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს - პოლიტიკური კრიზისის დასასრული?
|
|
|
|
19 აპრილს, ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესრულების შემთხვევაში, შეთანხმებამ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებითა და ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი უნდა დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ), ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, შეთანხმებაზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია, რის მიზეზადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სათანადო დათმობაზე არწასვლა სახელდება.
ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების წინა ვერსიაზე დაპირისპირებული მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ახალი კომპრომისული დოკუმენტი კი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 18 აპრილს გაასაჯაროვა, ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანეს ორ საკითხს ეხება - „პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლებასა და პოტენციური ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას - აღნიშნულ საკითხებს წინა შემოთავაზებული დოკუმენტი არ მოიცავდა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალის (რომელსაც პრეზიდენტი მიშელი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ესწრებოდა) შემდგომ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. თბილისში ყოფნის დროს, პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა: „ეს შეთანხმება არა საბოლოო პუნქტი, არამედ საწყისი პუნქტია თქვენი მუშაობისთვის, რათა გაძლიერდეს ქართული დემოკრატია და განხორციელდეს რეფორმები“.
აღსანიშნავია, რომ ენმ-ის ლიდერებმა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც ამჟამად ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის ბრალდებით ციხეში იმყოფება, თავდაპირველად დოკუმენტი არ მიიღეს. თუმცა, ერთი მხრივ, ოპოზიციური პარტიებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების, მათ შორის, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ის კიდევ ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის მიერ ევროკავშირის შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის, ხოლო, მეორე მხრივ, შარლ მიშელის მიერ ორ თვეზე ნაკლებ დროში თბილისში მეორე ვიზიტის განხორციელების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას მოუწოდა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ამასთან, სააკაშვილმა ენმ-ის მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ შემოდგომაზე გასამართი ადგილობრივი არჩევნების წინ ის საქართველოში ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობა სააკაშვილმა აქამდეც არაერთხელ დადო, თუმცა არასდროს შეუსრულებია.
19 აპრილის შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც მიესალმა, რომლის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შეთანხმება „საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მნიშვნელოვან პროგრესზე“ მიუთითებს. პრაისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეთანხმების განხორციელება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, და დასძინა, რომ აშშ „მზადაა დაეხმაროს საქართველოს შეთანხმების მიზნების მიღწევაში“.
|
|
|
|
ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა ჯგუფმა რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სრულად დამორჩილებისკენ მოუწოდა
|
|
|
|
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოთა ჯგუფმა (ბულგარეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდებენ დაემორჩილონ ECHR-ის გადაწყვეტილებებს, მათ შორის “წერტილი დაუსვას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა” და აგრეთვე “უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საქმეების ადეკვატური და ეფექტური გამოძიება”, მათ შორის ჰოლანდიური RTL TV-ის ოპერატორის სტანისლაუს სტორიმანისის რუსული კლასტერული იარაღით მკვლელობის თაობაზე.
|
|
|
|
რუსეთის საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გადახედვას არ განიხილავს
|
|
|
|
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად რუსეთის ფედერაციის სენატორმა, გრიგორი კარასინმა პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ “საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია“. რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები 2019 წლის ივნისში, გავრილოვის ვიზიტის საპასუხოდ საქართველოში მიმდინარე ანტი-საოკუპაციო პროტესტის საპასუხოდ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით აკრძალა.
ამას გარდა, კარასინმა პოზნერის ვიზიტის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებს “მყვირალა რადიკალები” უწოდა და პრემიერი ღარიბაშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადებისთვის შეაქო “მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბალანსებული და დამგმობი განცხადება გააკეთა“.
|
|
|
|
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
|
|
|
|
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირებისთვის სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის გაუქმების თაობაზე (10 აპრილიდან). კარანტინის ნაცვლად, ისინი სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარებიან და ასევე შესაძლებლობა მიეცემათ ვაქცინაციის პროცესშიც ჩაერთონ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გალის მკვიდრი 4 ეთნიკურად ქართველის დაღუპვა მდინარე ენგურზე გადმოსვლის მცდელობისას ე.წ. საზღვრის კვეთის დროს. თავის მხრივ სოხუმმაც შეცვალა მისი პოზიცია და გალის მოსახლეობისთვის ენგურის გამშვები პუნქტის გახსნის ინიციატივით გამოვიდა. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ეს ინიციატივა, ადგილობრივი ოპოზიციის ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე გააჟღერა. რადიკალური ოპოზიცია, აფხაზეთში საზღვრის დანაღმვისა და თხრილების გაკეთების იდეებითაც კი გამოვიდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს აფხაზეთის პრო-რუსულ ოპოზიციასა და დე-ფაქტო მთავრობას შორის არსებულ განსხვავებებს - პირველი საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობების გაწყვეტას ემხრობა, ხოლო მეორე ძალიან ვიწრო საკითხებში, თუმცა მაინც თანამშრომლობისთვის გამოთქვამს მზადყოფნას.
როგორც “საქართველოს გუშაგის” წინა გამოცემებშიც იწერებოდა, რუსეთისგან მიღებული არაერთი დაპირების მიუხედავად, არც ოკუპირებულ აფხაზეთსა და არც ცხინვალში რუსული “სპუტნიკ V”-ის ვაქცინები არ შესულა. მიუხედავად ამისა, ოკუპირებული რეჟიმები მაინც უარს აცხადებენ თბილისისგან შეთავაზებული ვაქცინების მიღებაზე. რუსეთმა “სპუტნიკ V”-ის ვაქცინები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებულ საკუთარ სამხედრო პერსონალს გაუგზავნა და მიუხედავად მათი ვაქცინაციის პროცესის დასრულებისა, რუსეთი მაინც არ ასრულებს დე-ფაქტო ხელისუფლებებისთვის 2021 წლის დასაწყისში მიცემული პირობას.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთი ვალდებულია საქართველოს ისტორიული ტერიტორიები დაუბრუნოს. 10 აპრილს ფეისბუქ პოსტი, რომელიც თანდართულ რუკასთან ერთად გავრცელდა, ამტკიცებდა, რომ 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები თურქეთს ყირიმის სანაცვლოდ 100 წლის ვადით გადასცა. პოსტის მიხედვით, თურქეთი ახლა ვალდებულია, რომ ტერიტორიები საქართველოს უკან დაუბრუნოს. აღნიშნული მტკიცება რეალობას არ ასახავს, რადგან 1921 წელს საქართველოს ისტორიული რეგიონი ტაო-კლარჯეთი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მოიცავდა ართვინის, არტაანის, ოლთისის და რიზეს ოლქებს, ყარსის ხელშეკრულების თანახმად თურქეთს გადაეცა. ხელშეკრულება თურქეთს არ ავალდებულებს, რომ ტერიტორიები დააბრუნოს. რაც შეეხება ყირიმს, ის დამოუკიდებელი რესპუბლიკა 1917 წელს გახდა, თუმცა ბოლშევიკებმა ყირიმის 1918 წელს დაიკავეს. ის თურქეთის ნაწილი არ გამხდარა და 1921 წელს ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა.
|
|
|
|
რიონის ხეობაში ურანის მოპოვების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. 3 აპრილს რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფსა და გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიონის ხეობაში, სადაც თურქული კომპანია ენკა ნამახვანჰესის აშენებას გეგმავს, ურან-238-ის მნიშვნელოვანი საბადოა. ზოგიერთი გამავრცელებელი წყარო ამტკიცებდა, რომ თურქეთს რიონის ხეობაში ინტერეები გაქვს, რათა ურანის მარაგი მიიღოს. მითების დეტექტორი წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია უარყვეს. სააგენტოში განაცხადეს, რომ გეოლოგიური ფონდური მასალების მიხედვით, ნამოხვანის ჰესის კასკადის ტერიტორიაზე ურანი-238-ის საბადოს შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
|
|
|
|
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ვიდეო მტკიცებულებად წარმოდგენა, თითქოს პრეზიდენტი კენედი ცოცხალია. ვიდეოს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხანშიშესულ მამაკაცს გადაეხვია, უჩვეულო აღწერა ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ ეს მამაკაცი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ცოცხალი იყო და მხოლოდ 1 თვის წინ გარდაიცვალა. მითების დეტექტორის მიერ ვიდეოს ვერიფიკაციის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი, რომელსაც დონალდ ტრამპი გადაეხვია, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი რასელ პიკეტია. ვიდეოში ასახული ღონისძიება 2019 წლის 6 ივნისს საფრანგეთში ნორმანდიის დესანტის დღიდან (D-Day) 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. რასელ პიკეტი კი, კენედისგან განსხვავებით, რომელიც 1963 წელს მოკლეს, გულის დაავადებით 2020 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ პიკეტსა და კენედის შორის მათი ახალგაზრდობის ფოტოებში არც გარეგნული მსგავსება იკვეთება
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
საქართველოს მთავრობამ ოთხჯერ მეტი გადაიხადა ვაქცინაში, რომლიც გამოყენებაც არ არის რეკომენდირებული
|
|
|
|
5 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ოფიციალურად წარადგინეს ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" პრესკონფერენციაზე, რომელსაც ჩინეთის ელჩი საქართველოში, ლი იანიც ესწრებოდა. ტიკარაძის განცხადებით, "სინოფარმით მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე ემტია აცრილი, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის." მისი სიტყვები დაადასტურა ჩინეთის ელჩმაც, რომლის თანახმად, "ეს ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო მეთოდით, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული უკვე ამ ვაქცინის, მაგრამ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. ამიტომ, ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული." ასევე, მან ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას კოვიდ-19 პანდემიის საკითხებში და წარმოაჩინა ჩინეთი, როგორც საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორი. ამის ნათელ მაგალითს გამყრელიძის წინმსწრები განცხადებაც წარმოადგენს, რომლის მიხედვით ჩინეთი საქართველოს სინოვაკის 100 000 დოზას საჩუქრად გადასცემს.
რეალურად კი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ოფიციალურად არც „სინოფარმი“ და არც „სინოვაკი“ უღიარებია. ამრიგად, ქვეყანამ დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარი გადაიხადა ვაქცინაში, რომლის გამოყენებაც ოფიციალურად არ შეუძლია. მინისტრმა ტიკარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უნგრეთის მკაცრმა მარეგულირებელმა უკვე დაამტკიცა ვაქცინა. ასევე მან აღნიშნა, რომ ისინი კომუნიკაციაში იყვნენ ჯანმო-სთან და სწორედ ეს კომუნიკაცია გადაწყვეტდა დაელოდებოდნენ თუ არა აკრედიტაციას ან უნგრეთის მსგავსად, ვაქცინის დამტკიცების გარეშე, დაიწყებდნენ ვაქცინაციის პროცესს საქართველოში. ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს დაელოდოს ჯანმოს ოფიციალურ ნებართვას, რადგან ჩინურ "სინოფარმთან" ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში უკვე 4 მაისიდან დაანონსდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩინური "სინოფარმი" ყველაზე ძვირადღირებული ვაქცინაა და მისი ღირებულება 18-20 დოლარს აღწევს. გამყრელიძის თქმით, საქართველომ "Astrazeneca" COVAX პლატფორმის საშუალებით შეიძინა 4-5 დოლარად, ხოლო "Pfizer" კი 11-12 დოლარად. შესაბამისად, არააკრედიტირებული "სინოფარმის" ფასად, საქართველოს ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტი აკრედიტირებული ვაქცინის შეძენა შეეძლო. ეს გარემოება ვრცელ გამოკვლევასა და სათანადო რეაგირებას მოითხოვს.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS - რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მეათე გამოცემა გამოაქვეყნა. დოკუმენტი ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს, განსაკუთრებით სომხეთს, შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარების შესახებ ბოლოდროინდელ სიახლეებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის შემდეგ, ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “სინოფარმის” 100 ათასი დოზა საქართველომაც შეიძინა, ხოლო, დამატებით, ჩინეთმა საქართველოს “სინოვაკის” 100 ათასი დოზა გადასცა.
|
|
|
|
სამოქალაქო იდეას China Watch-ის მეექვსე ანგარიში ეფუძნება ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი „NUCTECH company limited“-ის კვლევას და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - კომპანიის თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, მის სახელთან ასოცირებული დარღვევები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების სატენდერო პროცედურებში, მის მიერ მოწოდებული უსაფრთხოების მოწყობილობების გაუმართაობა და კორუფციული სკანდალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კერძოდ, ანგარიში მიმოიხილავს კომპანია “Nuctech”-ის გადაცდომებს საქართველოს, ნამიბიას, ტაივანის და ევროპის მაგალითებზე, მის ერთობლივ სამხედრო მიზნებზე დაფუძნებულ კავშირებს რუსეთთან და აშშ-ს მიერ გაწეულ წინააღმდეგობრივ პოლიტიკას მის მიმართ.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|