22 აპრილი - 4 მაისი, 2021 |
|
|
|
|
მიმდინარე გამოცემის თემები
- ბულგარეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით საქართველოსა და უკრაინაში ექსპორტისთვის გამიზნული შეიარაღების აფეთქებების უკან რუსეთი დგას
- რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების უგულებელყოფას განაგრძობს
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები
- პროკურატურის მიერ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საერთაშორისო კონტრაქტების გამოძიება და მისი კავშირები ჩინურ TBEA-თან
- ქართული ოცნების ლიდერები მოითხოვენ ამნისტიას 20 ივნისის დარბევაში მონაწილე ყველა მსჯავრდებულისთვის
|
|
|
|
|
|
პოლიტიკის უახლესი მოვლენები |
|
|
|
ბულგარეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით საქართველოსა და უკრაინაში ექსპორტისთვის გამიზნული შეიარაღების
|
|
|
|
2021 წლის 28 აპრილს, ბულგარეთის იუსტიციის სასახლეში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა - დიმიტარ გეორგიევმა, გენერალური პროკურორის პრესსპიკერმა - სიიკა მილევამ და სპეციალიზებული პროკურატურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - ვალენტინა მაჯაროვამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს სპეციალიზებული პროკურატურის მიერ ჩატარებულ წინა სასამართლო მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით. საქმე ეხება აფეთქებების სერიას, რომელიც დაფიქსირდა სხვადასხვა იარაღის საწყობსა და საწარმოო დაწესებულებაში, სადაც ინახავდნენ და აწარმოებდნენ სხვადასხვა ასაფეთქებელ საშუალებებს, შეიარაღებასა და ტყვია-წამალს.
პროკურატურამ, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და ჟანდარმერიის გენერალურ დირექტორატში შემავალ სპეციალური ოპერაციებისა და ტერორიზმთან ბრძოლის დირექტორატთან ერთად, რამდენიმე შემთხვევა შეისწავლა, საიდანაც 4 მათგანში მსგავსებები იქნა აღმოჩენილი. უფრო კონკრეტულად, საუბარია 2011 წლის 12 ნოემბერს სოფელ ლოვინდოლში კომპანია EMCO-ს მფლობელობაში არსებულ საწყობში განხორციელებულ აფეთქებაზე, 2015 წელს სოფელ იგანოვოში VMZ-Sopot-ის ქარხანაში განხორციელებულ 2 აფეთქებაზე, და 2020 წელს ქალაქ კაზნიაკში „არსენალის“ ქარხანაში განხორციელებულ აფეთქებაზე - ყველა მათგანში განთავსებული შეიარაღება საქართველოსა და უკრაინაში ექსპორტისთვის იყო გამიზნული.
სპეციალიზებული კონტრ-ტერორისტული უწყების (SCTU) მიხედვით (რომელსაც გადაებარა ეს საქმეები), აღნიშნულ 4 ინციდენტს მსგავსებები აქვს, რაც მათ ამავდროულად სხვა მსგავსი შემთხვევებისგანაც გამოარჩევს. ბულგარეთის სახელმწიფო პროკურატურისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქებების უკან რუსეთის მოქალაქეების კვალი იკვეთება და ისინი, ბულგარეთის უშიშროების სამსახურების მიხედვით, მაღალი ალბათობით, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ სადაზვერვო დირექტორატის თანამშრომლები არიან.
განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ „ამ დრომდე შეგროვებული სამხილების მიხედვით, სანდოობის მაღალი ხარისხით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთის მოქალაქეების ქმედებები მიზნად საქართველოსა და უკრაინისთვის სპეციალური სამხედრო პროდუქციის მიწოდების შეფერხებას ისახავდა“ და ასევე „ჩეხეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით ხდება შესაბამისი კავშირების დადგენა ბულგარეთის რესპუბლიკაში წინა სასამართლო მოკვლევის პროცესში აღმოჩენილ ფაქტებსა და ჩეხეთის შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებულ გამოძიების შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში ჩეხეთის რესპუბლიკაში განხორციელებულ აფეთქებას შეეხება, რის შედეგადაც, განადგურდა სხვადასხვა სამხედრო პროდუქცია, მათ შორის, კომპანია „EMKO“-ს საკუთრებაში არსებული პროდუქცია.“
|
|
|
|
რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების უგულებელყოფას განაგრძობს
|
|
|
|
რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით შემდგარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა არ მომხდარა და, სინამდვილეში ის „მხოლოდ განიხილეს”.
ლავროვის მიხედვით, დოკუმენტის თავდაპირველი ვერსია იწყებოდა პრეამბულით: „რუსეთი და საფრანგეთი, სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის ნორმალიზაციისთვის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს სთავაზობენ შემდეგს: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას...“. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დოკუმენტს ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც „იქიდან ძირითადი პუნქტები ამოიღო“. „მას შემდეგ, დასავლეთი ჩვენგან ამ შეთანხმების შესრულებას ითხოვს“, – დასძინა ლავროვმა, რომელიც, სავარაუდოდ, გულისხმობდა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის რაიმე სავალდებულოდ შესასრულებელი შეთანხმება არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი გეგმის უგულებელყოფის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომგანაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტი „მითიურია“ და ის არ არსებობს.
|
|
|
|
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები |
|
|
|
სუს-მა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა
|
|
|
|
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) 2020 წლის წლიური ანგარიში პარლამენტს წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ და არაპირდაპირ ჩარევას ცდილობდნენ. სუს-ის თანახმად, რუსული ოკუპაცია მთავარ გამოწვევად რჩება. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი განაგრძობს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკასა და მილიტარიზაციას - 2020 წლის განმავლობაში 120-ზე მეტი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. ასევე, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 77 მოქალაქე დააკავეს. ხოლო COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები უფრო მეტად შეიზღუდა.
|
|
|
|
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 99-ე შეხვედრა
|
|
|
|
27 აპრილს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 99-ე შეხვედრა გაიმართა. სუს-ის მიხედვით, რომელსაც შეხვედრაზე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე წარმოადგენდა, ქართულმა მხარემ „მკაცრად დააყენა უკანონო დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი“. სუს-ის თანახმად, დიალოგი „ძალიან საინტერესო“ იყო და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რადგან დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობა არსებობს. სამხრეთ ოსეთის მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ დაკავებული პირები „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარსა და კანონებს არღვევდნენ“ და მათი ქმედებებისთვის პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ.
სუს-ის მიხედვით, შეხვედრაზე კიდევ ერთი განხილული საკითხი ბოლო დროს გააქტიურებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი იყო, რომელიც „უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის“. მხარეები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებისა და საირიგაციო არხების რეგულირებასთან დაკავშირებით ტექნიკური ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ, რათა „ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ“ და „უსაფრთხოების გარემო მაქსიმალურად იყოს დაცული“. ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ შეხვედრაზე განხილულ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, COVID-19-ის პანდემიის ეფექტები, გადაადგილების თავისუფლება, ბორდერიზაციის პროცესი და დაკავების შემთხვევები - ინფორმაცია გამოაქვეყნა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა შეხვედრაზე უისტაში საქართველოს პოლიციის ბლოკპოსტის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, რომელიც, მისი მტკიცებით, „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა“. მეტიც, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის გამარტივებისა და გამშვების პუნქტების გახსნის საკითხი უისტაში „უკანონო ბლოკპოსტის“ აღებასთან დააკავშირა.
|
|
|
|
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი
|
|
|
|
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, მოსკოვს ეწვია და რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა. მან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკთან აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი საინვესტიციო პროგრამის იმპლემენტაცია განიხილა. მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის სამეთვალყურეო რუსეთის ფედერალური სამსახურის („როსპოტრებნადზორის“) ხელმძღვანელ ანა პოპოვასთან შეხვედრაზე ბჟანიამ რუსი ტურისტების ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გარანტირების მზადყოფნა გამოხატა. თანამშრომლობის გამოწვევებთან დაკავშირებით ბჟანიამ შეხვედრები გამართა სხვა ოფიციალურ პირებთანაც, თუმცა მეტი დეტალები არ გასაჯაროებულა. ბჟანია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრ ნერადკოს შეხვდა და სოხუმის აეროპორტის (დახურულია 1993 წლიდან) განახლებისა და გახსნის საკითხი განიხილა. რუსი და აფხაზი სპეციალისტების მონაწილეობით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც საგზაო რუკა უკვე შექმნა და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ბჟანიას თანახმად, აეროპორტი 2024 წელზე მალე არ გაიხსნება.
ვიზიტის დროს, TASS-თან ინტერვიუში, ბჟანიამ აფხაზეთის საჰაერო ძალების მოდერნიზების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, აფხაზეთს ახალი თვითმფრინავები და კარგად გაწვრთნილი აფხაზი პილოტები სჭირდება. ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთისგან დახმარების მიღებას იმედოვნებს და ამას მალე მოელის, რადგან რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში აფხაზეთს ეწვივნენ, სადაც ე.წ. „თავდაცვის სამინისტროსთან“ მოლაპარაკებები გაიმართა და „რამდენიმე პოზიციაზე პროგრესი მიღწეულია“. ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ან აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში „ყველა ვალდებულება შესრულდება.“ რამდენიმეთვიანი ლოდინისა და დაგვიანების შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალისოკუპირებულმა რეგიონებმა რუსეთისგან რუსული ვაქცინა Sputnik V-ის დოზები მიიღეს და ვაქცინაციის პროცესს დაიწყებენ.
|
|
|
|
დეზინფორმაციის მონიტორინგი |
|
|
|
ანტი-ლიბერალური და პრო-რუსული აქტორები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ბიუჯეტი აშშ-ს ეხმარება. “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ საქართველოს კონტრიბუცია ნატოს მისიებში აშშ-ისა და მისი კოალიციისთვის 8 მილიარდიან დახმარებას შეადგენს. მსგავსი გზავნილი მოგვიანებით ანტი-ლიბერალურმა ტელეარხმა ალტ-ინფომაც გაავრცელა, სადაც ერთ-ერთმა წამყვანი ამტკიცებდა, რომ საქართველოს აშშ-ის არაფერი მართებს და პირიქით, ამერიკა არის ვალში ჩვენთან. აღნიშნული საკითხი ასევე გააჟღერა ალტ-ინფოს გადაცემის სტუმარმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა და კრემლისტური ტვ “ობიექტივის” ყოფილმა წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს კონტრიბუცია უზარმაზარია. ყველა ზემოჩამოთვლილი აქტორი უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პერიოდულად იღებს დახმარებას პარტნიორებისგან რათა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გარკვეული ხარჯები დაფაროს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველომ 1992 წლის შემდეგ აშშ-დან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება მიიღო. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორზე”.
|
|
|
|
ანტი-ვაქსერული დეზინფორმაცია ქართულ ტელეარხებზე ვრცელდება. 17 აპრილს ჰომეოპათი და ანტი-ვაქსერი თინა თოფურია “თავისუფალი არხის” ეთერში გამოჩნდა, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინებზე 3 დეზინფორმაცია, 2 ნაწილობრივ მცდარი და ერთი მანიპულაციური მტკიცება გააჟღერა. თოფურია კრემლისტური ტელევიზიის “ობიექტივის” ხშირი სტუმარია და ასევე მიწვეული იყო კიდევ სხვა ქართულ ტელეარხზე - “იმედზე”. პანდემიასთან დაკავშირებით მისი განცხადებები ფაქტებს ეწინააღმდეგება და არ არის დამყარებული სამეცნიერო მტკიცებულებებზე, თუმცა თოფურიას ინტერვიუებიდან ფრაგმენტები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. თოფურია გავრცელებული მცდარი ინფორმაციიდან ერთ-ერთი შეეხებოდა მტკიცებას, თითქოს ავტორიზებული კოვიდ19-ის ვაქცინები ექსპერიმენტულია და უშვილობას იწვევს. 22 აპრილს ტვ “იმედის” ფეისბუქ გვერდმა თინა თოფურიას განცხადებები ფრაგმენტულად და დაუბალანსებლად გააშუქა და მხოლოდ მოგვიანებით ჩაასწორა პოსტის აღწერა, სადაც მიუთითა, რომ ვიდეო ვაქცინებზე დეზინფორმაციას შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ზოგადი ანტი-ვაქსერული განწყობებისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელების მიუხედავად, თინა თოფურია რუსული ვაქცინების საწინააღმდეგო განცხადებებს არ ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” თოფურიას ყალბი მტკიცებები არაერთხელ გააქარწყლა. ბოლოდროინდელი სტატიები იხილეთ აქ და აქ.
|
|
|
|
დიაბეტის წამალი სამედიცინო თაღლითობა აღმოჩნდა. 31 მარტს ვებ-საიტმა ueik.ru.com-მა დიაბეტის მკურნალობაზე ქართულენოვანი სტატია გამოაქვეყნა. სტატია ეყრდნობოდა ენდოკრინოლოგი ალექსანდრე ბურდულის მტკიცებას, რომ წამალმა დიალუქსმა დიაბეტით დაავადებული პაციენტების 96% განკურნა. სტატია ასევე მოიცავს პენსიონერი ნათია გველურაშვილის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ დიალუქსის დამხმარებით ის დიაბეტისგან განიკურნა. სტატიას თან ერთვის სავარაუდო ექიმი ალექსანდრე ბურდულისა და პენსიონერი ნათია გველურაშვილის ფოტოებიც. “მითების დეტექტორმა” სტატიაში მოცემული ინფორმაცია, მათ შორის რესპონდენტების ფოტოებიც გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ თითქმის იდენტური სტატიები კიდევ 8 ენაზე იყო შექმნილი. წამლის სახელი, ასევე ექიმისა და პაციენტის სახელები ქვეყნების შესაბამისად იყო შეცვლილი. ქართულ ვერსიაში ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, რომელიც ექიმ ალექსანდრე ბურდულად არის გასაღებული, რეალურად ვორონეჟის ხიდის ქარხნის დირექტორია, პენსიონერ ნათია გველურაშვილად მოხსენიებული ქალი კი ბაშკირეთში მცხოვრები გალინა ტუშკანოვაა. რაც შეეხება წამალს, დიალუქსი არ შედის მედიკამენტების სიაში, რომლებიც დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. დეტალები ხელმისაწვდომია “მითების დეტექტორზე”.
|
|
|
|
გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა |
|
|
|
პროკურატურის მიერ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საერთაშორისო კონტრაქტების გამოძიება და მისი კავშირები ჩინურ TBEA-თან
|
|
|
|
2021 წლის 21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" (სსე) პროკურატურა შევიდა. სსე-მ მოგვიანებით განაცხადა, რომ თავად მიმართა პროკურატურას, ვინაიდან იგი მრავალ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და ამ პროცესში გამოიკვეთა ცალკეული საკითხები, რომელთა შესწავლა და ობიექტური ჭეშმარიტების გამოვლენა გახდა საჭირო.
სსე-ს, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, ჩინურ კომპანია TBEA-თან, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით არაერთ სკანდალშია გახვეული, ჯამში 9,496,510.83 ლარის ღირებულების ორი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველომ აღნიშნული ტენდერები შეაფასა არაერთი რისკ მაჩვენებლით: ახალი რეგისტრირებული მიმწოდებელი, მაღალი ფასდაკლება, გამოცდილების მოთხოვნა, დისკვალიფიცირებული მონაწილეები, ავანსის გადახდა. ამასთან დაკავშირებით, სამოქალაქო იდეამაც გამოაქვეყნადასკვნა, სადაც მიმოხილულია სსე-ს მიერ გამოცხადებული ის ტენდერები, სადაც TBEA იღებდა მონაწილეობას. კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ სსე-მ უფრო ხელსაყრელი წინადადებების მქონე პრეტენდენტების დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაციით ხელი შეუწყო TBEA-ს ტენდერში გამარჯვებას.
|
|
|
|
ქართული ოცნების ლიდერები მოითხოვენ ამნისტიას 20 ივნისის დარბევაში მონაწილე ყველა მსჯავრდებულისთვის
|
|
|
|
19 აპრილს, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ცალკეულმა პოლიტიკურმა ლიდერმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროკავშირის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს მთავარ არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებით, და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამნისტიის კანონის ან გირაოს საფუძველზე. ამასთან, ქართული ოცნების ლიდერები ამნისტიას ითხოვენ ყველა იმ პოლიციელისა და პოლიტიკური ფიგურისთვის, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისის დარბევაში მონაწილეობდა, ამტკიცებენ რა, რომ ევროკავშირის მიერ მომზადებული დოკუმენტი ამას თავიდანვე ითვალისწინებდა. "ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ თვითონ დოკუმენტის ტექსტით... შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც არის დაკავშირებული ამ მოვლენებთან, ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ. იმავე ნარატივს ემხრობიან მმართველი პარტიის სხვა წევრებიც, მათ შორის ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.
სინამდვილეში, ზემოაღნიშნულდოკუმენტში არ იყო ნათქვამი, რომ ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინეს დანაშაული. შექმნილი გარემოების გამო, მათი უფლებების დაცვის მიზნით, 20 ივნისის დაზარალებულებმა ევროკავშირს წერილით მიმართეს.
|
|
|
|
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები |
|
|
|
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS - რონდელის ფონდი) სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის აქტივობების შესახებ მეთერთმეტე გამოცემა გამოაქვეყნა, რომელიც ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარების შესახებ ბოლოდროინდელ სიახლეებს მოიცავს. სხვა მნიშვნელოვან განვითარებებთა ერთად, რონდელის ფონდის დაიჯესტი საუბარია ფაქტზე, რომელიც შესაძლოა ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდის სამხრეთ კავკასიის დიპლომატებზე პროექტირება იყოს. კონკრეტულად, ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ სტატიის - „ნამდვილი სინძიანის ხილვა, უცხოელი დიპლომატები ტყუილებს ამჟღავნებენ“ - გამოქვეყნების შემდეგ, ესტონეთში ჩინეთის ელჩმა იმავე საკითხზე გამოაქვეყნა სტატია - „სიმართლე ტყუილს აჯობებს“. ის ჩინეთის ოფიციალური პირების თანხლებით 20-ზე მეტი სახელმწიფოდან 30-ზე მეტი დიპლომატის სინძიანში ვიზიტზე მიუთითებდა. დიპლომატები „სინძიანის ანტიტერრორიზმისა და დერადიკალიზაციის გამოფენას“ ეწვივნენ. საქართველოს წარმომადგენელი, სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან ერთად, აღნიშნულ სინძიანის ვიზიტში მონაწილეობდა. მეორე მხრივ, აშშ-ის ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა - სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ - ბოლოდროინდელ პუბლიკაციაში აღნიშნეს, რომ საქართველო ჩინეთს, როგორც რუსეთის ალერნატივას, არ უნდა უყურებდეს. ონლაინ ღონისძიებაზე კრამერმა აღნიშნული არგუმენტი უფრო ვრცლად განმარტა - გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში ჩინეთისადმი უფრო მკაცრი, ძლიერი პოზიციის დაკავებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ამ ფონზე საქართველოს მხრიდან ჩინეთის რუსეთის ალტერნატივად განხილვა ვაშინგტონში კარგად არ აღიქმება. მან აგრეთვე მიანიშნა, რომ საქართველო ჩინეთისადმი დავალებული არ უნდა გახდეს.
|
|
|
|
იხილეთ ამ დროისთვის გამოქვეყნებული GWB-ის ყველა პუბლიკაცია აქ.
|
|
|
|
|