View in browser
II გამოცემა
20 მაისი - 3 ივნისი, 2020

მიმდინარე გამოცემის თემები

  • ლუგარის ლაბორატორიის ამბავი გრძელდება
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია: არაერთგვაროვანი განცხადებები
  • გასაიდუმლოებული კონტრაქტი "გაზპრომთან" - პასუხგაუცემელი კითხვები

უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი (EVC) ორგანიზებას უწევს სემინარს ჩინეთის პოლიტიკური გავლენის ოპერაციებზე, განსაკუთრებული ფოკუსით ისეთ რეგიონებზე, როგორებიცაა, დასავლეთ ბალკანეთი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. სემინარის გამორჩეული სტუმარი და მომხსენებელი იქნება ჩარლზ ბარტონი, ბროკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ევროპული ღირებულებების ცენტრის არარეზიდენტი მკვლევარი და მაკდონალდ-ლორიეს ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სემინარი გაიმართება 2020 წლის 11 ივნისს, ოტავას დროით 09:00-დან 10:30-მდე, პრაღის და სარაევოს დროით 15:00-16:30-მდე და თბილისის დროით 17:00-18:30-მე. სემინარზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

ბმულზე
პოლიტიკის უახლესი მოვლენები

დამოუკიდებლობის დღის “მისალოცი ბარათი” საქართველოს რუსეთისგან

ყურადღება! ეს არის ამბის გაგრძელება. სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ GWB-ის წინა გამოცემა.

2020 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთმა საქართველოს ჩვეულ სტილში „მიულოცა“ და მისალოცი წერილის ნაცვლად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით განცხადება “გამოაგზავნა”. აღნიშნული ლუგარის ცენტრის შესახებ ყველა მანამდე არსებული დეზინფორმაციული ნარატივების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.

27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს შემხვედრი განცხადებით უპასუხა, სადაც ოფიციალურმა თბილისმა რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებებს არგუმენტირებული პასუხი გასცა და გამოააშკარავა მათი დეზინფორმაციული ნარატივები.

ქართული მხარის საპასუხო განცხადებას, იმავე საღამოს (21 საათსა დ 09 წუთზე) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოეხმაურა და კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. რუსეთმა საქართველო და აშშ ინფორმაციის დაფარვასა და რუსეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. რუსეთი „მიესალმა“ ქართული მხარის მზადყოფნას, რომ მოაწყოს კიდევ ერთი საერთაშორისო ვიზიტი/სწავლება BTWC-ის ფარგლებში, თუმცა რუსეთი ამ ფორმატს განიხილავს, როგოც „პიარ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ლუგარის ცენტრში მიმდინარე რეალური საქმიანობის შენიღბვას“. შესაბამისად, რუსეთი ითხოვს ორმხრივ ვიზიტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ რუსი სამხედრო ექსპერტები ქართულ პერსონალთან ერთად, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების გარეშე და ლაბორატორიაში სრული და შეუზღუდავი დაშვებით. განცხადება სრულდება ფრაზით „ეჭვების გასაფანტად, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ თბილისთან ორმხრივ ფორმატში“.

წლების განმავლობაში, რუსეთი მუდმივად ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის ორმხრივ ფორმატში გადაყვანას. რუსეთის ამოცანა ნათელია - თავიდან აიცილოს საერთაშორისო ზეწოლა და დაუბრკოლებლად განახორციელოს მისი აგრესიული და უკანონო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია - ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი საბიუჯეტო დაფინანსებით) შიგნით არსებული ზოგიერთი ჯგუფი აქტიურად ცდილობს დასავლეთთან ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების შეუთავსებლობის მითის გავრცელებას.

    ამ მიმართულებით, ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტ, ანტონ ბულუხიას უკავშირდება. მისი მტკიცებით, ეკლესიის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა იმ ადამიანებისგან ხორციელდება, რომლებიც ლგბტ თემის უფლებებს იცავენ და ევროპისა და ამერიკისგან ფინანსდებიან. ამის გამო, მიტროპოლიტმა წმინდა სინოდის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განსახილველად დასმაც არ გამორიცხა: „ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოვიწვიოთ და ხელახლა ვკითხოთ ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა?“. აღნიშნული განცხადება სრულ თანხვედრაშია კრემლის იმ ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კულტურა, რელიგია და ისტორია შეუთავსებელია დასავლურ ცხოვრების წესთან.

    სოციალურ ქსელებში გამოხატული სამოქალაქო კრიტიკის შემდეგ, მამა ანტონს მანამდე გაკეთებული განცხადების შეცვლა მოუწია. ტვ პირველის ეთერში საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ის არა დასავლეთის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების წინააღმდეგია, რომლებიც დასავლელი დონორებისგან ფინანსდებიან და ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ.

    რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს სწორედ ის მამა ანტონია, რომელიც საქართვლოს ევრო-ატლანტიკური კურსის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო წლების წინ და ღიად საუბრობდა სლავური (რუსული) პროპაგანდის საფრთხეებზე. 2017 წელს, ანტონმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტში, ბრიუსელში და მოგვიანებით, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად თავის ეპარქიაში ახალგაზრდული ცენტრიც კი დააარსა.

    მრავალი მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ ავრცელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია (ან მისი ზოგიერთი ჯგუფი) რუსულ დეზინფორმაციას, ან, როგორც მინიმუმ, ხელს არ უშლის მის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოს საპატრიარქომ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობაზე უარი განაცხადა. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა ანტიდასავლური პოზიციების გაჟღერებასთან ერთად, არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელეს საკუთრივ ვირუსთან დაკავშირებითაც.

    NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ეკლესიის პოპულარობა ისევ მაღალია და იმ ინსტიტუტებს შორის, რომელთა საქმიანობასაც მოსახლეობა დადებითად აფასებს, მეორე ადგილზეა. ამგვარად, ეკლესია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლის თამაშს განაგრძობს და მრევლი შესაძლოა სასულიერო პირთა პოზიციებისა და ქადაგებების გამო დასავლეთის წინააღმდეგ განეწყოს.

    დეზინფორმაციის მონიტორინგი

    ანტილიბერალურმა და კრემლისტურმა გვერდებმა კონგრესმენ კინზინგერის ციტატა გააყალბეს. 21 მაისს ე.წ. ულტრანაციონალისტურმა გვერდმა “კარდჰუმ” ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ფოტო გამოაქვეყნა ციტატით, რომელიც თითქოსდა მას ეკუთვნოდა: ოქტომბრის არჩევნების შედეგები არავის არ მოგეწონებათ, მაგრამ ეგ იქნება დემოკრატია" - ადამ კინზინგერი”. იმავე დღეს “კარდჰუს” პოსტი სხვა გვერდებმა გააზიარეს, მათ შორის ღიად კრემლისტურმა “პოლიტიკანომ”. კონგრესმენს არჩევნების შედეგებზე კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია.

    “საქართველო, როგორც საცდელი პოლიგონი” - კრემლის განმეორებითი ნარატივი გამოჩნდა Geworld.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ ყალბი განცხადება გააკეთა, თითქოს მსოფლიო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარება საქართველოს ვაქცინების ტესტირების სანაცვლოდ გადმოურიცხეს. “მითების დეტექტორმა” ფაქტი გადაამოწმა: მსოფლიო სავალუტო ფონდის 200 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს გადაუდებელი ფინანსური და საგადასახდელო ბალანსის საჭიროებისათვის ჩაერიცხა.

      “ამერიკული ხორბალი სასიკვდილო დაავადებებს იწვევს” - გაზეთ “ალიას” 18-24 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებულია, რომ საქართველოში აშშ-დან შემოტანილი ხორბალი შესაძლოა სასიკვდილო დაავადებებს იწვევდეს და ხორბლის ექსპორტს როკფელერების დინასტია მართავს. უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე ხორბლის 90 პროცენტი საქართველოში რუსეთიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა, თუმცა ეპიდემიის დაწყების შემდეგ ექსპორტი შეიზღუდა. ნარატივი “მომაკვდინებელი” ამერიკული ხორბლის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის მთავრობამ საქართველოს 27 000 ტონა ხორბალი საჩუქრად გადასცა.

      “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია COVID-19-ს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში განზრახ ავრცელებს ”. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის KGB-მ ლუგარის ლაბორატორია “საზღვართან” ახლოს ბიოლოგიური მასალის შეგროვებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ლაბორატორიას ამ “მისიის” განხორციელებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ეხმარებოდა, რისთვისაც ქართველი ექიმები “საზღვართან” მიჰყავდა. განცხადებას ახლავს EUMM-ის მანქანისა და სასწრაფო დახმარების მანქანის ამსახველი ფოტოები. ეს განცხადება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია (იხ. ზემოთ “პოლიტიკის უახლესი მოვლენების” განყოფილება), რომელსაც COVID-19-თან ბრძოლაში წამყვანი ადგილი უკავია. დეზინფორმაციის პასუხად, EUMM-ის საქართველოს ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მისიის პატრულებს დაფუძნების დღიდან ყოველთვის თან ახლავს და ეს უსაფრთხოების პროტოკოლის განუყოფელი ნაწილია.

      “საქართველოსა და უკრაინას დასავლეთი მართავს ” - ვიდრე უკრაინის შესაბამისი ორგანოები ბაიდენისა და პოროშენკოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერების ავთენტურობას იკვლევენ, კრემლის აქტორებმა საქართველოში ამ საკითხის ინტერპრეტირება უკვე მოახდინეს, როგორც იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა და ქვეყანას ვაშინგტონი მართავს. “საქართველო და მსოფლიომ” უკრაინის მდგომარეობა საქართველოს მიერ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ფაქტსაც შეადარა.

      გამოაშკარავება და საჯარო კრიტიკა

      მთავრობა და მმართველი პარტია თავს არიდებენ კითხვებს “გაზპრომსა” და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ხელშეკრულების განახლების შესახებ

      საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის მიწოდების ტარიფთან დაკავშირებით რუსულ “გაზპრომთან” განაახლა ხელშეკრულება. ხელშეკრულება 2020 წლის აპრილში განახლდა და ის ძალაში წლის ბოლომდე იქნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას არ დაუზუსტებია “გაზპრომთან” ანგარიშსწორების დეტალები, მაგრამ აღნიშნა, რომ გარიგების განახლება განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი გაზის ფასის შემცირების ტენდენციით. 27 მაისს, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ქალბატონმა თურნავამ რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან განახლებული ხელშეკრულება შეაფასა და ის წარმატებულად მიიჩნია. თუმცა, თავად დოკუმენტის დიდი ნაწილი კლასიფიცირებულია. მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ ხელშეკრულების გამოქვეყნებას, ვინაიდან ეს დოკუმენტი შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, მთავრობა თავს არიდებს მედიისა და ოპოზიციის მხრიდან დასმულ კითხვებს.

      ანალოგიურად, 26 მაისს, კითხვის საპასუხოდ, გია ვოლსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და მმართველი პარტიის ლიდერმა, "ფორმულა"-ს ჟურნალისტს განუცხადა, რომ იგი მზად არ იყო ამ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად და რომ ჟურნალისტი მის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა. მან ასევე ჟურნალისტები შეუსაბამო კითხვებისთვის გააკრიტიკა.

      უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ შეთანხმების პირობები საიდუმლოდ ინახება, ანალოგიური ვითარება იყო გასულ წელს და წინა წლებშიც. გაზპრომთან კონტრაქტს (საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში მისი ტრანსპორტირების საფასურის ჩათვლით) რუსეთი ასევე ეფექტურად იყენებს, როგორც პოლიტიკურ იარაღსა და ინსტრუმენტს. “გაზპრომი” ნამდვილად წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღს და შესაძლოა ეს გარიგება შემდგომში საქართველოს, მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ეს გარემოება და დოკუმენტის კლასიფიცირება მიგვითითებს იმაზე, რომ იგი შეიძლება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენდეს და ხელს უწყობდეს ქვეყანაში რუსეთის გავლენების ზრდას, რაც გარემოებიებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ არის წახალისებული.

      ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებისა და “გაზპრომის” გარიგება საზოგადოებისგან საიდუმლოდ რჩება, ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნებულ სიახლეებში იყო დაანონსებული პირობების შეცვლა, მაგრამ მედიისა და საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე სათანადო ყურადღება არ იქნა გამახვილებული.

      სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები

      „სამოქალაქო იდეა“ დეზინფორმაციასა და ჩინურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის „დიპლომატიას“ ებრძვის

      15 აპრილიდან ყოველ ოთხშაბათს, სამოქალაქო იდეა აწყობს ონლაინ-ვებინარებს, სადაც ხდება პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ისეთი ინფორმაციების გამოაშკარავება, როგორებიცაა, როგორებიცაა, 5G-სთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ შეცდომაში შემყვანი ნარატივები, ვაქცინასთან დაკავშირებული ჭორები, COVID-19-ის დაწყებისა და გავრცელების შესახებ მითები, ამერიკული ლაბორატორიების წინააღმდეგ ბრალდებები.

      ასევე, რამდენიმე პანელი სპეციალურად მიეძღვნა ლიბერალური დემოკრატიების გამოცდილებებსა და სისუსტეებს COVID-19-თან ბრძოლაში, და პანდემიის დროს ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, კერძოდ რუსეთისა და ჩინეთისგან, მომდინარე საფრთხეებს და ლიბერალური დემოკრატიების შიდა პოლიტიკაში ჩარევის მათ სტრატეგიებს. ასევე, რამდენიმე პანელი პატარა სახელმწიფოებსა და პოსტ-COVID-19 სამყაროში მათ სამოქმედო სტრატეგიებზე იყო ფოკუსირებული. „სამოქალაქო იდეის“ ინიციატივებში მონაწილეობა ყოფილმა მინისტრებმა, პოლიტიკის ექსპერტებმა, მკვლევარებმა და მოქმედმა თანამდებობის პირებმა მიიღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

      „მედიაჩეკერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც COVID-19-თან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული დეზინფორმაცია გამოააშკარავა. აღნიშნული რეგიონი, სადაც უმრავლესობას ეთნუკური სომხები შეადგენენ, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანიდასდმი განსაკუთრებით მოწყვლადია - მოსახლეობის უმეტესობა არ ფლობს ქართულ ენას. ეს მათ არ უტოვებს სხვა არჩევანს, გარდა იმისა, რომ ინფორმაცია რუსული და სომხური წყაროებიდან მიიღონ. სტატიის მიხედვით, ამის შედეგად, ადგილობრივები COVID-19-ის არსებობასთან და მის წარმომავლობასთან დაკავშირებით სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და აქედან გამომდინარე, მათ მიერ მიღებული დამცავი ზომები ვირუსის საფრთხეებთან შედარებით არაპროპორციული იყო.

      მედიის განვითარების ფონდის ვებ-პლატფორმამ - მითების დეტექტორმა - COVID-19-თან დაკავშირებული მრავალი დეზინფორმაცია გამოავლინა. პოპულარულ ყალბ ამბებში შედიოდა ინფორმაცია, თითქოს ბილ გეითსი მისი გლობალური ვაქცინაციის გეგმებით, რომელიც ადამიანის უნაყოფობას გამოიწვევს, დედამიწის მოსახლეობის შემცირებას ცდილობს. მითების დეტექტორმა ასევე გამოაშკარავა Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული სისხლი COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება. მითების დეტექტორის მიერ 2019 წლის დეკემბერში „ესპერსონა“-ს ქსელის შესახებ გამოქვეყნებული კვლევა Facebook-ის გამოძიების კატალიზატორი გახდა და დაეხმარა პლატფორმას, რომ ქსელის არაავთენტური კოორდინირებული ქცევა შეემჩნია, რის შედეგადაც 2020 წლის აპრილში აღნიშნულ ქსელთან დაკავშირებული 790 ანგარიში გაუქმდა.

      გამოწერა

      ეს ბიულეტენი ნაწილია პროექტისა „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ“, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პროგრამა TRANSITION PROMOTION-ის ფარგლებში.

      facebook twitter
      European Values Center for Security Policy
      info@europeanvalues.net
      Unsubscribe